ნინო ლაცაბიძე: რუსთავში ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებთან ერთად, ვაგრძელებთ ჩვენი გუნდის წევრების – მუნიციპალიტეტში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებას

რუსთავის მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრმა, თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ხელშეწყობის ფარგლებში, რუსთავის მერიის 25 თანამშრომელი გადაამზადა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სპეციალური ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები რუსთავის მერიის თანამშრომლებს, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა  და მერის მოადგილეებმა გადასცეს.
ლაცაბიძის თქმით, რუსთავში, დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლება გრძელდება.
,,რუსთავში ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებთან ერთად, ვაგრძელებთ ჩვენი გუნდის წევრების – მუნიციპალიტეტში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებას. სწორედ ეს არის  მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც ზრუნავს ჩვენი გუნდის წევრების პროფესიულ განვითარებაზე და მათთვის ახალი უნარების შეძენაზე, რაც უფრო მეტად ეფექტიანს გახდის მუნიციპალურ სერვისებს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული მერიის თანამშრომლებისთვის წინასწარ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, შემუშავდა მოდული –  “ლიდერობა და მენეჯმენტი”.

 

ირაკლი შატაკიშვილის თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, ადგილობრივ მოსახლეობასთან და საზოგადოებასთან კონსულტაციის გზით მიიღება.

,,ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ მუნიციპალიტეტის  ნებისმიერი გადაწყვეტილება, ადგილობრივ მოსახლეობასთან და საზოგადოებასთან კონსულტაციის გზით მიიღება. ამ შემთხვევაშიც წინასწარ ჩატარებული კვლევის შედეგად მოხდა საჭიროებების გათვალისწინება და ტრენინგ-მოდულის შემუშავება იმისთვის, რომ რომ მუნიციპალური სერვისი მაქსიმალურად ხარისხიანად მიეწოდოს მოქალაქეს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.
სერტიფიკატების გადაცემას რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები ესწრებოდნენ.
რუსთავის მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრის ორგანიზებით, დღემდე  სპეციალური ტრენინგ-კურსი, რუსთავის მერიის 117-მა თანამშრომელმა გაიარა.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, ცენტრის მიერ დაგეგმილია მუნიციპალური  ტრანსპორტის მძღოლების  გადამზადება შშმ პირებთან ქცევის  სტანდარტებზე, ასევე   ⁠მერიის სამსახურებისა და ა(ა)იპების თანამშრომელთა გადამზადება –  საგრანტო პროექტების წერის უნარებზე,  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეფორმის ფარგლებში, ტრენინგს გაივლიან  სასახლის  თანამშრომლებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები