ხულო-ზარზმის გზით, გოდერძის უღელტეხილიდან ზარზმამდე მისვლა უკვე რეაბილიტირებული გზით არის შესაძლებელი

default

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ორი რეგიონის დამაკავშირებელი, ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია აქტიურად გრძელდება.

მათივე ცნობით, საერთო ჯამში, ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე დაგებულია გზის 31 კმ-იან მონაკვეთზე და გოდერძის უღელტეხილიდან ზარზმამდე მისვლა რეაბილიტირებული გზით არის შესაძლებელი.

“რეაბილიტირებულია გზა კურორტ ბეშუმის გადასახვევამდეც. სამუშაოები აქტიურად გრძელდება გზის დანარჩენილ მონაკვეთებზე.

ხულო-ზარზმის გზა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის შემადგენელი მონაკვეთია. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უტარდება 47 კილომეტრიან გზას. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.

პროექტის ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარი იგება 2 ზოლიან გზეზე და ინტესნიური საპრევენციო სამუშაოები მიმდინარეობს რელიეფისა და რთული გეოლოგიური პირობების გამო განვითარებულ მეწყრულ უბნებზე.

ხულო-ზარზმის გზა გადის რთულ გეოლოგიურ რელიეფზე და ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს აკავშირებს  ბათუმთან და თბილისთან. მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას.

ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასაც და 1.5 სთ-ით შეამცირებს ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დროს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები