ოთარ შამუგია სოფელ აკურაში ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის მხარის რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, რთველის მიმდინარეობას თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ აკურაში მდებარე სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანიაში“ გაეცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„საფერავის ჯიშის ყურძნის ნაწილში სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობას ორი მიზეზი აქვს – ერთი უხვი მოსავალი და მეორე, კლიმატური პირობები, რომლის გამოც მევენახეები ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად ჩააბარონ ყურძენი. აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად მზარდია გადამუშავებული საფერავის რაოდენობა. მევენახეებს უნდა მივცეთ საშუალება, დროულად ჩააბარონ ყურძენი; სწორედ ამიტომ გაჩნდა საჭიროება, რომ სახელმწიფომ სხვადასხვა ლოკაციაზე მიიღოს ყურძენი და შესაბამისი თანხა გადაუხადოს მევენახეებს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის რთველის სეზონზე გადამუშავებული საფერავის რაოდენობა ორჯერ აჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ჭარბი მოსავლის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, საფერავი საჭიროებს დროულ დაბინავებას, რომ ხარისხი არ გაუარესდეს. მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ იწყებს მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძნის 1.50 ლარად მიღებას. ამასთან ერთად, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარ-ნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარ-ნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.
მინისტრთან ერთად, ყურძნის ჩაბარების პროცესს თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაეცნენ.