ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში აცხადებს, რომ ევროკავშირი მზადაა, სრულად თქვას უარი რუსულ გაზზე
ევროკავშირი მზადაა, სრულად თქვას უარი რუსულ გაზზე,- ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში, ევროკავშირის ქვეყნებში რუსული გაზის იმპორტის წილი მკვეთრად შემცირდა. როგორც სიმსონმა აღნიშნა, ევროკავშირის იმპორტში რუსული გაზის წილი 2021 წლის 45%-დან 2024 წლის ივნისისთვის 18%-მდე შემცირდა, მაშინ, როცა ისეთი სანდო პარტნიორებისგან იმპორტი, როგორებიც არიან ნორვეგია და აშშ, გაიზარდა.
დღეს ევროკომისიამ 2024 წლისთვის ენერგეტიკული კავშირის მდგომარეობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში აღწერს, თუ როგორ გაუმკლავდა ევროკავშირი უპრეცედენტო გამოწვევებს ენერგეტიკული პოლიტიკის სფეროში.
ცნობილია, რომ რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტის კონტრაქტი 2024 წლის ბოლოს სრულდება და კიევი მას არ გააგრძელებს. ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს აზერბაიჯანიდან ევროკავშირში გაზის მიწოდების შესახებ, რადგან ცდილობს, თავისი როლი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, შეინარჩუნოს.