„ადამიანი სანათით“ – ვინ იყო ექთნის პროფესიის ფუძემდებელი

ფლორენს ნაიტინგეილი 1820 წლის 12 მაისს, მდიდარი და მაღალი კლასის წარმომადგენლის ოჯახში, ფლორენციაში დაიბადა. სახელიც ქალაქის პატივსაცემად დაარქვეს. ოჯახის ორივე შტოდან მემკვიდრეობით ერგო ლიბერალური აზროვნების უნარი.

1838 წელს მამამისმა მთელი ოჯახი ევროპაში ტურნეზე წაიყვანა. სწორედ ამ მოგზაურობისას ფლორენსმა გაიცნო ინგლისში დაბადებული პარიზელი ქალი მერი კლარკი. გარშემომყოფები მერის ექსცენტრიკულად და გამაღიზიანებლად თვლიდნენ, რადგან მაღალი წრის წარმომადგენელ მანდილოსნებს პატივისცემით არ ექცეოდა. მას ყოველთვის მამაკაცთა წრეში ყოფნა ერჩივნა, თუმცა, ფლორენსის შემთხვევაში, გამონაკლისი დაუშვა. მიუხედავად 27-წლიანი განსხვავებისა, მათმა მეგობრობამ 40 წელს გასტანა. კლარკი ყოველ შემთხვევას იყენებდა იმის საჩვენებლად, რომ ქალები მამაკაცების თანასწორები იყვნენ და ეს სწორედ იმ იდეებს უღვივებდა ფლორენსს თავში, რასაც დედამისში ვერ ხედავდა.

ახალგაზრდა ნაიტინგეილი აღიქმებოდა, როგორც საკმაოდ მიმზიდველი და გრაციოზული მანდილოსანი და მიუხედავად მკაცრი იმიჯისა, ცნობილი იყო თავისი მომხიბვლელობითა და მომაჯადოებელი ღიმილით. მისი მთხოვნელი იყო პოეტი რიჩარდ მილნესი, რომელიც 8-წლიანი შეხვედრების შემდეგ დაიწუნა იმ მიზეზით, რომ თვლიდა, ეს ურთიერთობა მის ნამდვილ ცხოვრებისეულ მიზანს შეუშლიდა ხელს.

ფლორენსი აგრძელებდა მოგზაურობას საბერძნეთისა და შემდგომ ეგვიპტის მიმართულებით. მის მიერ დაწერილი ნაშრომები ეგვიპტეზე, თითქოს, აღსარებაა ცხოვრებისეული ფილოსოფიისა და მსოფლმხედველობის შესახებ. წერდა, რომ ღვთის ხმა ჩაესმა, რომელმაც ჰკითხა, თუ შეასრულებდა მისი სახელით კარგ საქმეებს ყოველგვარი მატერიალური გამორჩენის გარეშე. მამამისმა ფლორენსს გარკვეული ოდენობის ყოველწლიური შემოსავალი დაუტოვა. ეს მას საშუალებას აძლევდა, ეცხოვრა კომფორტულად და გაჰყოლოდა თავის ოცნებებს.

ნაიტინგეილი ფართო საზოგადოებისთვის ყირიმის ომის დროს მედდებისათვის სათანადო განათლების და კვალიფიკაციის მიცემით გახდა ცნობილი. ფლორენსის წყალობით, ექთნის პროფესია სათანადოდ დაფასდა. იგი ვიქტორიანული ეპოქის სახედ იქცა. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ქალი სანათით“, რადგან ღამღამობით დაჭრილი ჯარისკაცების მდგომარეობას ამოწმებდა.

ზოგი ამტკიცებს, რომ ყირიმის ომში ნაიტინგეილის საქმიანობა მედიის მიერაა გაზვიადებული, თუმცა მისი შემდგომი მოღვაწეობა, ექთნების პროფესიონალიზმის განვითარების კუთხით, მეტად მნიშვნელოვანია. 1860 წელს ნაიტინგეილმა დააარსა მსოფლიოში პირველი პროფესიული საექთნო სკოლა ლონდონში, სენტ-ტომასის ჰოსპიტალში, რომელიც ახლა King’s College London-ის შემადგენლობაშია. ნაიტინგეილის პიონერული ღვაწლი საექთნო სფეროში სათანადოდაა დაფასებული: დამწყები ექთნები „ნაიტინგეილის ფიცს“ დებენ; „ფლორენს ნაიტინგეილის მედალი“ საუკეთესო ჯილდოა, რისი მოპოვებაც ექთნებს შეუძლიათ; ფლორენსის პატივსაცემად, ექთნების საერთაშორისო დღე მის დაბადების დღეზე აღინიშნება.

ნაიტინგეილის სოციალური რეფორმები მოიცავს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას ბრიტანული საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლისთვის, ინდოეთში შიმშილთან ბრძოლის მხარდაჭერას, პროსტიტუციის კანონების (რომლებიც ქალებისთვის მეტად მკაცრი იყო) გაუქმების და ქალების სამუშაო ძალაში ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობას.

ფლორენსი ბრწყინვალე მწერალიც გახლდათ. მისი ნაშრომების უმეტესობა სამედიცინო ცოდნის გავრცელებას ემსახურებოდა. ზოგიერთი მათგანი იმდენად მარტივი ენით იყო დაწერილი, რომ მკითხველისგან განსაკუთრებულ ცოდნას არ მოითხოვდა. ნაიტინგეილი პირველი იყო, ვინც ეფექტურად იყენებდა ინფოგრაფიკებს, გრაფიკულ პრეზენტაციებს და სტატისტიკურ მონაცემებს. ნაშრომების უმეტესობა მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები