“ხელისუფლებას ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით შესაძლოა, რეალურადაც ჰქონდეს რაიმე ხელჩასაჭიდი” – მამუკა არეშიძე
მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვებისთვის ქუდზე კაცს უხმო… და თუ რატომ სჭირდება მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა, პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადების შემდეგ, უკვე მისმა დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განმარტა. 21 აგვისტოს მმართველმა ძალამ საარჩევნო შეხვედრები საქართველოს ისტორიული დედაქალაქიდან, მცხეთიდან დაიწყო, სადაც სვეტიცხოვლის წინ მოწყობილ სცენასთან პირველ რიგებში მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები ისხდნენ, მათ უკან კი “ქართული ოცნების” ასობით აქტივისტი. “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, რომელსაც ტყვიაგაუმტარი მინა იცავდა, თქვა, რომ ამ არჩევნებზე მის პარტიას აქვს “ბევრად დიდი ამოცანა, ვიდრე მხოლოდ მისი მოგებაა” და ეს “საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვებაა”. გამოსვლაში ივანიშვილმა ილაპარაკა სამ დაპირებაზე, რომელთა შესასრულებლად მას და მის გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ. “ჩვენ წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც როგორც “ნაციონალური მოძრაობა”, ისე ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება, რისთვისაც ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობს”, – განაცხადა მან პირველ საკითხად. მეორე საკითხია ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობისა და შვილების აყვანის აკრძალვა, ვინაიდან, მისი თქმით, “ანტიქრისტიანული ძალები ცდილობენ ერებს, სახელმწიფოებს და ადამიანებს ყოველგვარი იდენტობა წაუშალონ”, მესამე საკითხად კი ივანიშვილმა დაასახელა ტერიტორიული მოწყობის გადახედვა იმ შემთხვევაში, თუ გეოპოლიტიკური ვითარება ისე შეიცვლება, რომ საქართველომ დაკარგული ტერიტორიების შემოერთება შეძლოს. ბიძინა ივანიშვილმა ისიც თქვა, რომ არსებობს მეოთხე მიზეზიც, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. “ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება”, – განაცხადა მან.
სწორედ “ქართული ოცნების” საარჩევნო გზავნილებზე ვესაუბრებით ექსპერტ მამუკა არეშიძეს, რომელთანაც დიალოგი “ოცნების” მესამე დაპირებით დავიწყეთ, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეეხება:
– თანამედროვე პიარის პოლიტიკა ითვალისწინებს ისეთი ფორმის საარჩევნო გზავნილების შერჩევას საზოგადოებისთვის, რომელიც, ერთი შეხედვით, შესაძლოა გადაჭარბებული ჩანდეს, მაგრამ შემდგომ მუშაობაზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტიანი იქნება. ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიას, იქაც არაერთი გამოსვლა ვნახეთ, რომელიც აშკარად გადაჭარბებულ დაპირებებს შეიცავდა.
– ანუ, თქვენი აზრით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ლაპარაკი საარჩევნო პოლიტტექნოლოგიის ნაწილია?
– დიდწილად. გარდა ამისა, ჩვენ მოვისმინეთ დაპირებები, რომელთაც რეალური საფუძველი აქვთ. მაგალითად, გზავნილები, რომლებიც შეეხება ქვეყნის სუვერენიტეტს, ოჯახურ და ტრადიციულ ფასეულობებს და ა.შ. მათი რეალიზაციისთვისაც უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები, რაც საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მისაღებია.
– “დღევანდელ მოცემულობასა და მსოფლიო პოლიტიკურ ვითარებაში ძალიან დიდი შანსია, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შევძლოთ”, – ეს კი თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორ ფიქრობთ, ისეთი მნიშვნელოვანი თემის საარჩევნო პიარტექნოლოგიად გამოყენება, როგორიც ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობაა, გამართლებული სტრატეგიაა?
– პოლიტიკაში ეს მიღებული ფორმა. გაამართლებს თუ არა, ეს იქნება შემდგომ ნაბიჯებზე დამოკიდებული, გარდა ამისა, მე სრულ ინფორმაციაზე არ მიმიწვდება ხელი, თუმცა, გარკვეული ცნობები მაქვს, რაც საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ ხელისუფლებას ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით შესაძლოა, რეალურადაც ჰქონდეს რაიმე ხელჩასაჭიდი.
ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის თვალსაზრისით, ზოგად სურათს თუ შევხედავთ, პირადად მე ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ნაწილს ვეთანხმები, ნაწილსაც – არა, მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკას თანამიმდევრულობა აკლია. ჩვენ ხშირად ვჩივით, რომ რუსეთი რბილი ძალით გვებრძვის, მაგრამ ჩვენ ამ რბილი ძალის გამოყენებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე არ ვმუშაობთ. უფრო სწორად, ისე ეფექტიანად ვერ ვმუშაობთ, რომ ამან შედეგი მოგვცეს. არ ხდება იქაური მოსახლეობის მასობრივად დარწმუნება, რომ ცხოვრების წესი და პოლიტიკური ორიენტაცია უნდა შეიცვალონ. არადა, თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები ამის ფართო საშუალებას იძლევა. სოციალურ ქსელებში სისტემური ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. მე ვიცი 2-3 ქართველი, მათ შორის ერთი ცნობილი ჟურნალისტი, რომლებიც პირდაპირ მუშაობენ აფხაზურ სოციალურ ქსელებზე. პირველად მათ მიმართ იყო დიდი აგრესია, თუმცა ახლა იკლო და აფხაზები უფრო მეტად და მშვიდად უსმენენ მათ მოსაზრებებს. მუშაობა უნდა ყველაფერს. ამას სჭირდება სისტემური მიდგომა და არა ინდივიდუალური აქტივობები. ამის გაკეთება ნამდვილად შესაძლებელია. სამედიცინო პროგრამა, რომლის ფარგლებში არაერთმა აფხაზმა იმკურნალა, წლებია მოქმედებს, თუ ამ რამდენიმე წლის წინ ისინი საჯაროდ ამის აღიარებას და მადლობის გადახდასაც კი ვერ ბედავდნენ, ახლა შედარებით შეიცვალა ვითარება, აქა-იქ უკვე ბედავენ ამაზე ლაპარაკს. მეტიც, ზოგიერთი აფხაზი აქ რჩება საცხოვრებლად. ტენდენცია არის, რესურსები არსებობს, სისტემა კი არა გვაქვს…
რაც შეეხება იმას, რომ ამ სისტემის შექმნას და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, ეს ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია. როგორც ითქვა, გულისხმობენ იმას, რომ ოპოზიციისგან წინააღმდეგობას ელოდებიან და სურთ შეამცირონ ამის რისკი, მაგრამ არა მგონია, იმდენად ხელიდან წასული იყოს ოპოზიცია, მისი ნაწილი მაინც, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თუ დადგა დღის წესრიგში, თავისი პოლიტიკური ამბიციების გამო ამას ხელი შეუშალოს.
– “ქართული ოცნების” მორიგი დაპირება “ნაციონალურ მოძრაობას” შეეხება. “ჩვენ წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც როგორც “ნაციონალური მოძრაობა”, ისე ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება, რისთვისაც ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობს”, – განაცხადა ივანიშვილმა.
– ის, რომ წინა ხელისუფლების საქმიანობა პოლიტიკურად არ შეფასდა, გახდა მიზეზი იმისა, რომ 2014 წელს მე “ქართული ოცნებიდან” წამოვედი. იქ ვიყავი და კარგად ვიცი, რა ზეწოლა იყო დასავლეთიდან იმისთვის, რომ “ნაციონალური მოძრობის” ქმედებები პოლიტიკურად არ შეფასებულიყო. იყო რამდენიმე ადამიანი, ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგა, ესეც დასავლეთის ნებართვით, საზოგადოდ პარტიის საქმიანობა კი არ შეფასებულა. ამას დასავლეთის ზეწოლის გარდა, კიდევ სხვა მიზეზიც ჰქონდა, კერძოდ, ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც “ნაციონალური მოძრაობის” სწორუპოვარი წევრი იყო და ძალიან სწრაფად დაპორტირდა “ქართულ ოცნებაში”. რას ვიზამთ, პოლიტიკური თამაშის წესები ასეთ რამესაც ითვალისწინებს – კომპრომეტირებული ადამიანი უფრო მორჩილი და ერთგულია, შესაბამისად, ისინი ყველა ხელისუფლებას სჭირდება. ეს აწყობდა “ქართულ ოცნებასაც” და ამიტომაც მოხდა ეს მასობრივი გადმობარგება. მოკლედ, იყო დასავლეთის ზეწოლა და ასევე იყო მტრის ბანაკიდან რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადმობირების ცდა… ახლა სხვა ვითარებაა, როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებას” დასავლეთის მიმართ ის ვალდებულებები, რაც 2012 წელს ჰქონდა, აღარ აქვს.
– დღეს რამდენად სწორია ამგვარი დაპირების გაცემა. ეს კიდევ უფრო მეტ პოლარიზაციას ხომ არ გამოიწვევს? ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა მასობრივი რეპრესიების საფუძვლად იქცეს…
– რეპრესიები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებების პოლიტიკური შეფასება კვლავინდებურად აუცილებელი მგონია. მე არ ვამბობ, რომ ეს ანგარიშსწორებად უნდა იქცეს.
ეს აუცილებლად გასაკეთებელია, რათა ანალოგიური შეცდომები კვლავაც არ იქნეს დაშვებული.
თუნდაც გასარკვევია ის, თუ როგორ მივედით 2008 წლის ომამდე და მერე როგორ მივატოვეთ ბრძოლის ველი. კიდევ ბევრი სხვა საკითხია…
შეფასება აუცილებელია, მაგრამ ძალიან დაგვიანებულია. როგორც ამბობენ, “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”, მაგრამ ამ საკითხის საარჩევნო კამპანიის ნაწილად ქცევა, ვფიქრობ, არასწორია, რადგან გაცილებით სხვა რამ არის სათქმელი… ვიმეორებ, საჭიროა პოლიტიკური შეფასება და არ უნდა გავმართოთ სასამართლო… ოღონდ შეფასება უნდა იყოს იურიდიულად კარგად გამართულ ფაქტებზე დაფუძნებული.
საარჩევნო პროცესში ამაზე აპელირება რამდენად შედეგიანი იქნება, არ ვიცი… კი, არიან ადამიანები, ვინც უკმაყოფილოა იმის გამო, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” პასუხი არ აგო, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი რაოდენობა. გადამწყვეტია ახალი ამომრჩეველი, ანუ ახალგაზრდები, რომლებსაც სულ სხვა შეხედულებები და ფასეულობები აქვთ. მათ ახალი მიდგომები და განსხვავებული დაპირებები სჭირდებათ.
– საინტერესო საკითხს შეეხეთ – ახალგაზრდობის როლი მომავალ არჩევნებზე. ჩემი დაკვირვებით, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ნაკლებად აქცევს ამას ყურადღებას…
– სიმართლე გითხრათ, მეც ვერ ვხედავ მათზე მორგებულ, გამართულ კამპანიას… არადა, ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტია. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ განათლების სისტემა კვლავ დიდი პრობლემაა. ჩვენ უნდა შევუქმნათ ახალგაზრდებს პირობები, რათა მაქსიმალურად ღრმა ცოდნა მიიღონ. ფაქტია, ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში არჩევს სწავლის გაგრძელებას და მათგან ძალიან ცოტა თუ ბრუნდება სამშობლოში. თუ ქვეყანაში არ იქნა განვითარებული ეკონომიკა შესაბამისი ინდუსტრიით, სადაც შეიქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები მაღალი ცოდნისა და ინტელექტის ახალგაზრდებისთვის, ისინი აქ არ გაჩერდებიან.
დემოგრაფიული სურათიც კატასტროფულია. მისი გამოსწორება ვერც ერთმა მთავრობამ ვერ მოახერხა. ვერც ვერავინ გამოასწორებს, თუ არ განვითარდა საქართველოს სამრეწველო პოტენციალი. მშენებლობა, დეველოპერული საქმიანობა და სხვა სფეროები, რომლებიც დღეს ქართული ეკონომიკის ბურჯებია, ვერ ქმნის ძლიერ ეკონომიკას.
დღეს მთავარია ინდუსტრიული და ტექნოლოგიური განვითარება. ამის პოტენციალი დიდია ქვეყანაში, მაგრამ არავინ იყენებს. ახლა ისეთ რამეს ვიტყვი, რის გამოც, ალბათ, გავილანძღები, მაგრამ არა უშავს – ჩემი აზრით, დღეს ტერიტორიულ მთლიანობაზე მეტად მნიშვნელოვანია საკუთარი ერის ინტელექტუალური პოტენციალის სწორად გამოყენება და ძლიერი ინდუსტრიული სისტემის შექმნა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს ტვინებს და ამის მერე ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაჭრაც უფრო გაიოლდება. უმთავრესია სწორი სისტემის შექმნა, რომლის უპირველესი კომპონენტი ერის ინტელექტუალური პოტენციალია.
წყარო: “კვირის პალიტრა”