ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, დავით ხახუტაიშვილისა და აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდიის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, დავით ხახუტაიშვილისა და აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდიის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიპენდია გაიცემა უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ, საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტებისთვის.
“სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტმა კომისიას განსახილველად უნდა წარუდგინოს:
განცხადება მერის სახელზე;
რეკომენდაცია ფაკულტეტის ლექტორისგან ან დეკანატიდან;
აკადემიური მოსწრების ფურცელი;
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID ბარათი ან პასპორტი);
საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან /დევნილის შემთხვევაში ცნობა რეგისტრაციის შესახებ ან ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
პირადი საბანკო რეკვიზიტები.
სოციალურად დაუცველმა, ობოლმა, შშმ სტატუსის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტებმა, დამატებით უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია (სარეიტინგო ქულა, მშობლის გარდაცვალების ცნობა, მრავალშვილიანი ოჯახის დამადასტურებელი ცნობა და ა.შ.)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში 2023-2024 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შედეგების შესახებ ინფორმაცია სტიპენდიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს 31 აგვისტოს ჩათვლით.
სტიპენდია ეძლევათ სტუდენტებს კვარტალში ერთხელ, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, რომლებსაც საშუალო არითმეტიკული ქულა 91 და მეტი აქვს.
თანხა სემესტრში შეადგენს 500 ლარს, ხოლო სოციალურად დაუცველის, ობოლის და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტების სტიპენდია სემესტრში შეადგენს 1000 ლარს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 591 323216 ; 599 034317”,- ნათქვამია ინფორმაციაში.