ნეპალში ვერტმფრენი ჩამოვარდა – ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა(ფოტო)

ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს მახლობლად, ვერტმფრენი ჩამოვარდა.

Reuters-ის ინფორმაციით, ის აფრენიდან მალევე ტყეში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა.

“შვეულმფრენი ჩამოვარდა ჰიმალაის ტყეში, ნუვაკოტის რაიონში, შივაპურის ეროვნულ პარკში, დედაქალაქიდან 57 კმ-ში”,- განაცხადა ოლქის უფროსის მოადგილემ, კრიშნა პრასად ჰუმაგენმა.

პოლიციის სპიკერმა, დენ ბაჰადურ კარკიმ დაადასტურა, რომ გარდაცვლილთაგან ოთხი მგზავრი ჩინეთის, ხოლო პილოტი ნეპალის მოქალაქეა. მისივე თქმით, ადგილობრივმა მოსახლეობამ ტყიდან გაჩენილი ხანძარი დაინახა და ამის შესახებ ხელისუფლებას აცნობა.

“ვერტმფრენმა, რომელიც ოთხშაბათს ნაშუადღევს კატმანდუდან რასუვას რაიონში მიემგზავრებოდა, აფრენიდან სამი წუთის შემდეგ დაკარგა კავშირი”,- განაცხადეს ნეპალის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში.

ბოლო 24 წლის განმავლობაში ნეპალში თვითმფრინავის ან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 360-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები