ილინის საგანძური – როგორ ჩაიგდო საბჭოთა კოლექციონერმა ხელში შეუფასებელი ქონება
როდესაც 1993 წელს უკრაინის ქალაქ კიროვოგრადში პენსიონერი ალექსანდრე ილინი გარდაიცვალა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მას სახლში არნახული სიმდიდრე ექნებოდა. ჩვეულებრივი ელექტრიკოსის სახლი სავსე იყო ხელოვნების ნიმუშებითა და უძველესი წიგნებით, რომელთა ღირებულება მილიონობით დოლარს ითვლიდა.
ალექსანდრე ილინი დაიბადა 1920 წელს რუსეთის ქალაქ რიბინსკში, ყოფილი დიდგვაროვანი ქალის, ნატალია რიმსკაია-კორსაკოვასა და ჩვეულებრივი მუშის ოჯახში. რევოლუციის დროს ოჯახის ქონების ჩამორთმევის მიუხედავად, ალექსანდრეს დედამ მრავალი ღირებული ნივთის შენარჩუნება შეძლო.
ბიჭის მამა, მიუხედავად იმისა, რომ ის ქარხანაში მუშაობდა, მეუღლის უძველესი ნივთების სიყვარულით იყო გამსჭვალული და აქტიურად მონაწილეობდა ოჯახის კოლექციის შევსებაში. ილინი ბავშვობიდანვე ხელოვნების ნიმუშებით იყო გარშემორტყმული და მათი შეფასების უნარიც გააჩნდა.
1941 წელს ალექსანდრე ილინმა ომის გამო დაწყებული მასობრივი მობილიზაციის თავიდან აცილება და „თეთრი ბილეთის“ მიღება შეძლო. როგორც ამბობენ, ახალგაზრდამ კომისარს ძველი წიგნით გადაუხადა. ასე რომ, სანამ მისი თანატოლები ფრონტზე იღუპებოდნენ, ის დროს არ კარგავდა და სსრკ-ში მოგზაურობდა: ეძებდა ანტიკვარებსა და ხელოვნების ნიმუშებს. გაჭირვების გამო, ზოგისგან ნომინალური გადასახადის სანაცვლოდაც მიიღო ძვირად ღირებული ნივთები, მათ შორის, არაერთხელ საჭმელშიც გაცვალა.
ილინის ერთ-ერთმა ნაცნობმა, ცნობილმა კოლექციონერმა, მოგვიანებით განაცხადა, რომ ალექსანდრე ტრაბახობდა, თუ როგორ გაცვალა ალყისგან ახლად გათავისუფლებულ ლენინგრადში ცნობილი უკრაინელი ოსტატის, ივან რავიჩის ვერცხლის ფინჯანი ფქვილში. ასეთი ეპიზოდი მის ცხოვრებაში ასობით იყო და კოლექციაც, რასაკვირველია, ჩქარა იზრდებოდა.
1944 წელს ილინის ცხოვრება კინაღამ დასრულდა – ის საჭმლის ქურდობისას დაიჭირეს. იმ წლებში ასეთი დანაშაულისთვის მხოლოდ ერთი სასჯელი იყო – სიკვდილით დასჯა, მაგრამ ალექსანდრეს მხოლოდ 3 თვე მიუსაჯეს. ისტორია ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებს, თუმცა, ალბათ, ეს კარგი ქრთამის გარეშე ვერ მოხდებოდა.
ომის დასრულების შემდეგ ილინი უკრაინის სსრ-ში აღმოჩნდა. მისი ოჯახი საცხოვრებლად კიროვოგრადში გადავიდა, მაგრამ თავად ალექსანდრე კიევში დიდხანს დარჩა, როგორც რესტავრატორი. მუშაობდა კიევ-პეჩერის ლავრაში 1961 წლამდე, სანამ მონასტრის რეკონსტრუქცია შეჩერდებოდა. შემდეგ იგი, უძველეს საეკლესიო წიგნებთან და ჭურჭლის შთამბეჭდავ ბარგთან ერთად, მშობლებთან გადაცხოვრდა.
კიროვოგრადში ალექსანდრე ილინმა უბრალო საბჭოთა მუშასავით ცხოვრება დაიწყო. ქალაქის სასადილოში ელექტრიკოსად მუშაობდა, სადაც პენსიაზე გასვლამდე შემორჩა. მეზობლებსა და კოლეგებს ილინი ახსოვდათ, როგორც მოუწესრიგებელი, მარტოსული ადამიანი, რომელიც უკიდურესად ცუდად ცხოვრობდა, ჭამდა მუშათა სასადილოში და ყველგან კომბინეზონს ატარებდა.
ის მარტო ცხოვრობდა. არც ერთი კოლეგა ან ნაცნობი არასდროს ყოფილა მის სახლში. პენსიაზე გასვლის შემდეგ ალექსანდრე პოპულარული გახდა ანტიკურ კოლექციონერებში. ხალხი მასთან რჩევისთვის ან რაიმეს შესაფასებლად ქვეყნის სხვა კუთხიდანაც მიდიოდა, უფრო ხშირად კი, როგორც გამოცდილ რესტავრატორს, ისე მიმართავდნენ.
მან იცოდა, როგორ აღედგინა უიმედოდ დაზიანებული ნივთები მინიმალური დანახარჯით, რაც ანტიკვარიატის ყველაზე გამოცდილ გამყიდველებსაც აკვირვებდა. ერთხელ ილინმა უძველესი ტყავის საკინძების აღსადგენად ნაგავსაყრელიდან ტყავის ნაჭერი აიღო და დავალება მაინც უნაკლოდ შეასრულა.
ილინი კოლეგებსა და კლიენტებს ნეიტრალურ ტერიტორიაზე ხვდებოდა, ამიტომ მის სიმდიდრეზე ეჭვიც არავის ჰქონდა. კოლექციონერი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული და არ ჰყოლია უკანონო შვილები. ახლო ნათესავებიდან მას მხოლოდ ორი ძმისშვილი ჰყავდა, რომლებმაც ბიძის მემკვიდრეობა ვერ მიიღეს. მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი ნანახით გაოგნებულმა პოლიციამ წაიღო.