გერმანიაში უსახლკარო ადამიანების რეკორდული რაოდენობაა

გერმანიაში უსახლკარო ადამიანების რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია,- მონაცემები ასოციაცია BAG W-მა (Bundesarbeitsgemeinschaft Wohnungslosenhilfe) გაასაჯაროვა.

ახალი ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის განმავლობაში, ქვეყანაში 1.03 მილიონი უსახლკაროა, რომელთაგან, დაახლოებით, მეოთხედი ბავშვები და მოზარდები არიან.

BAG W-ის კლასიფიკაციის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირები არიან ისინი, ვისაც არ აქვთ იჯარის ხელშეკრულება და არ ფლობენ უძრავ ქონებას.

უსახლკარო ადამიანების, დაახლოებით, 80%-ს გერმანიის მოქალაქეობა არ აქვს. მათგან 55 000 ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეა.

მედიის ცნობით, გერმანიის ხელისუფლება ვალდებულია, უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს დროებითი თავშესაფარი მისცეს. თუმცა, ბევრი მათგანი ქუჩაში ცხოვრებას ირჩევს, რადგან თავშესაფრები ხშირად ვერ უზრუნველყოფენ კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების გარანტიებს.

გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ პრობლემის დაძლევის მიზნით გეგმავს სოციალური ბინების მშენებლობის დაჩქარებას და დამატებით ინვესტიციებს პრობლემის სისტემურ დონეზე მოსაგვარებლად. მთავრობის მიზანია, 2030 წლისთვის უსახლკარობის პრაქტიკული აღმოფხვრა შეძლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები