ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა გუდაურთან ტრაგიკულად დაღუპული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა გუდაურთან ტრაგიკულად დაღუპული გმირის, გიორგი მარგიანის ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, დავით შერაზადიშვილმა პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად, სოფელ ტანძიაში გიორგი მარგიანის საფლავი გვირგვინით შეამკო.
2022 წლის 29 ივლისს გუდაურთან სამაშველო ოპერაციის შესრულებისას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. დაიღუპა ბორტზე მყოფი რვავე პირი. მათ შორის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველი გიორგი მარგიანი, რომელიც დაჯილდოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს I ხარისხის მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“.