„გარდენ მოლი“ – გორში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი იხსნება
„მულტიფუნქციური სავაჭრო სივრცე, რომელსაც „გარდენ მოლი“ ვუწოდეთ, ჩვენი ქალაქისა და მისი მოსახლეობისთვის შეიქმნა. გვსურს, რომ ეს იყოს გორის ერთგვარი სავიზიტო ბარათი, ანუ თანამედროვე სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება სურვილების ასრულება, განტვირთვა და დასვენება“ – ასე დაიწყო საუბარი „გარდენ მოლის’’ დირექტორმა – ქალბატონმა ხათუნა კარიჭაშვილმა.
2 წლის მანძილზე დიდი რუდუნებით მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი, რათა ქ. გორში, ძველი კინოთეატრის ულამაზეს შენობაში, მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის შექმნის იდეა რეალობად ქცეულიყო. თავად იდეის ავტორი, ბატონი ვახტანგ კარიჭაშვილი – „ბოლერო და კომპანის“ მფლობელი, თავის გუნდთან ერთად აქტიურად იყო ჩართული მიმდინარე პროცესში და, მიუხედავად იმისა, რომ „გარდენ მოლი“ მისი საქმიანობის სრულიად ახალ სფეროს წარმოადგენს, დეტალურად ეცნობოდა და მართავდა თითოეულ პროცესს…
– შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, შესაბამისად, ძალიან ფრთხილად და მოწიწებით ვადგენდით სამოქმედო გეგმას, გვსურდა, რომ არც ძველი იერსახე დაგვეკარგა და თანამედროვე ტენდენციებიც ისე დაგვეინტეგრირებინა, რომ ძველი შენობისთვის ახალი სიცოცხლე ყველა სტანდარტის გათვალისწინებითა და დაცვით შესრუებულიყო. პროცესი არც ისე მარტივი აღმოჩნდა, თუმცა, მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქალაქის სიყვარულით ყველაფერი შევძელით და სამუშაო პროცესს ჯერ კიდევ ვაგრძელებთ. გარდა იმისა, რომ მულტიფუნქციური ცენტრის სარემონტო სამუშაო პროცესი უმაღლესი ხარისხის მასალით შესრულდა, დიდი მნიშვნელობა მის გამწვანებას მივანიჭეთ. მსოფლიოში ერთერთი პოპულარული მიმართულება – მოსს არტის ტექნოლოგიით, გავამწვანეთ შენობის როგორც ვერტიკალური, ასევე, ჰორიზონტალური კედლები და ბუნებრივი მარადმწვანე მცენარეებით ეკო მეგობრული სივრცე შევქმენით. გვსურს, რომ ბევრი მიმართულებით შემოვიტანოთ სიახლე, რათა ადგილობრივ მოსახლეობას მაქსიმალურად შევუქმნათ კომფორტული ზონა.
რა არის „გარდენ მოლი“
თბილისს გარეთ, სხვადასხვა რეგიონში, ადგილობრივებისთვის სულ უფრო და უფრო მეტი მომსახურება ხდება ხელმისაწვდომი. მიგვაჩნია, რომ გორს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს როგორც ტურიზმის, ასევე, სოციალური ყოფის განვითარების თვალსაზრისით. „გარდენ მოლის“ კონცეფციაც ამას ეფუძნება, სიახლეების, თანამედროვე სტანდარტების, ახალი ტენდენციების პოპულარიზაცია – არის ის, რაც ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობას აუმაღლებს მოტივაციას, ტურისტებს კი ისტორიასთან ერთად ჩვენს დღევანდელ პოტენციალს გააცნობს. გვსურს, მულტიფუნქციური ცენტრში ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის შევქმნათ სასურველი სივრცე და გარემო პირობები.
როდის იხსნება „გარდენ მოლი“ და რა ბრენდები უმასპინძლებს ადგილობრივ მოსახლეობას?
მოსახლეობის დიდი მოლოდინის გათვალისწინებით, 14 ივლისს 12:00 საათიდან სატესტო რეჟიმით „გარდენ მოლის“ ცენტრალური კარი გაიხსნება. ამ ეტაპზე, დამთვალიერებელს პირველი 6 ბრენდი უმასპინძლებს. როგორც აღვნიშნე, სამუშაო პროცესი დღესაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცნობილი ბრენდებითა და საერთაშორისო კომპანიებით ცენტრის დაკომპლექტებას. ვფიქრობთ, სექტემბრის დასაწყისში მულტიფუნქციური ცენტრი ოფიციალურად გაიხსნება, მანამდე კი ეტაპობრივად განვითარდება სიახლეების პროცესი.
თავდაპირველად, ვფიქრობდით, „გარდენ მოლი“ სრულად დაკომპლექტებული სახით გაგვეხსნა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი გორის მოსახლეობისთვის კეთდება, გადავწყვიტეთ, მოლოდინის რეჟიმით არ გაგვეწბილებინა და მათთან ერთად გავაგრძელებთ ცენტრის სრულად დაკომპლექტების პროცესს.
რა არის თქვენი უახლოესი გეგმები?
ყველა ადამიანს განსაკუთრებულად უყვარს თავისი ქალაქი, ადგილი – სადაც დაიბადა და გაიზარდა, ჩვენთვისაც ჩვენი ქალაქი განსაკუთრებულია, გვიყვარს და გვეამაყება მისი ისტორია, არქიტექტურა, ადამიანები – რომლებმაც გვასახელეს და დღეს მათი თაობები აგრძელებენ ჩვენს დიდებას. ეს შენობა ყველასთვის ცნობილი კინოთეატრია, რომელიც ჯერ კიდევ 80-იან წლებში გაიხსნა, გვსურს, რომ სავაჭრო ცენტრს, ბევრ სხვა სიახლესთან ერთად, ჰქონდეს ეს მიმართულებაც. პროცესი რთულია, მაგრამ საინტერესო და გვჯერა, რომ შევძლებთ, ჩვენი ქალაქი რეალური შესაძლებლობებით გავაცნოთ როგორც საქართველოს, ასევე, ჩვენი ქვეყნით დაინტერესებულ ტურისტებს.
„ბოლერო და კომპანი“ ერთერთი ცნობილი კომპანიაა მსოფლიო მასშტაბით, მის დამფუძნებელს – ვახტანგ კარიჭაშვილს უკვე არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული საყვარელი ქალაქისთვის და სამომავლოდაც გეგმავს მასზე ზრუნვას…