ვულპიტის მწვანე ბავშვები – შუა საუკუნეების ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ლეგენდა

ვულპიტის მწვანე ბავშვების ისტორია შუა საუკუნეების ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ლეგენდაა. მე-12 საუკუნეში მწვანე კანის მქონე ორი ბავშვი საფოლკის სოფელ ვულპიტში გამოჩნდა. მათმა უცნაურმა ენამ და არაამქვეყნიურმა გარეგნობამ საუკუნეების განმავლობაში უამრავი თეორია და ინტრიგა წარმოშვა.

ეს ისტორია მეფე სტეფანის (1135-1154) ზეობის დროს იწყება. მემატიანეების, რალფ კოგეშელისა და უილიამ ნიუბურგის ცნობების თანახმად, სოფლის მცხოვრებლებმა აღმოაჩინეს ბავშვები მგლის ორმოს პირთან აღმოაჩინეს (ეს გახლდათ ხაფანგის ნაირსახეობა, რომელიც მგლების დასაჭერად გამოიყენებოდა. სწორედ აქედან მიიღო სახელი სოფელმა ვულპიტმა (Woolpit)). ბავშვებს – ბიჭს და გოგოს – ჰქონდათ მწვანე ფერის კანი და ეცვათ უცნაური მასალებისგან დამზადებული უცნობი ტანსაცმელი.

თავდაპირველად ბავშვები ადგილობრივი მიწის მესაკუთრის, სერ რიჩარდ დე კალნის სახლში წაიყვანეს. მათ უარი თქვეს ყველანაირ საკვებზე, გარდა ნედლი ლობიოსა, რომელსაც დიდი რაოდენობით მიირთმევდნენ. დროთა განმავლობაში, ისინი ადაპტირდნენ ნორმალური საკვებთან და მათი მწვანე ფერიც თანდათან გაუფერულდა.

როგორც კი ინგლისურად ლაპარაკი ისწავლეს, ბავშვებმა თავიანთი ამბის მოყოლა დაიწყეს. ისინი აცხადებდნენ, რომ მოდიოდნენ იმ ქვეყნიდან, რომელსაც „წმინდა მარტინის მიწა“ ჰქვია, სადაც მზე არასდროს ანათებს. მათ აღწერეს თავიანთი მიწა, როგორც მუდმივი ბინდის ადგილი, განცალკევებული სამყაროსგან, რომელიც განიერ მდინარესთან მდებარეობს.

სამწუხაროდ, ბიჭი მალე ავად გახდა და გარდაიცვალა, თუმცა გოგონა გადარჩა, მოინათლა და საბოლოოდ, ინგლისურ საზოგადოებაში ინტეგრირდა. მან მიიღო სახელი აგნესი და სერ რიჩარდ დე კალნის ოჯახში მუშაობდა. ზოგიერთის ცნობით, იგი მოგვიანებით დაქორწინდა და სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობდა.

ზოგიერთი თეორეტიკოსი ვარაუდობს, რომ ბავშვები უცხოპლანეტელები იყვნენ, რაც მათ უჩვეულო ფერსა და ენას ხსნის. ზოგი, ასევე, ამტკიცებს, რომ ისინი მიწისქვეშ არსებული სამყაროდან ამოვიდნენ, რაც „წმინდა მარტინის“ მათეულ აღწერას შეესაბამებოდა.

ისტორიკოს პოლ ჰარისის აზრით, შესაძლოა, ბავშვები ფლამანდიელი ემიგრანტები იყვნენ, რომლებიც დევნას გაურბოდნენ, მათი მწვანე კანი კი, არასრულფასოვანი კვების შედეგი უნდა ყოფილიყო. ამიტომაც, უცნაური ტანსაცმელი და ენა ვულპიტის სოფლის მაცხოვრებლებისთვის უცხო იყო.

ზოგიერთი თანამედროვე მკვლევარი ვარაუდობს, რომ ბავშვებს შესაძლოა, ქლოროზი აწუხებდათ – მდგომარეობა, რომელიც რკინის დეფიციტითაა გამოწვეული და შეუძლია, კანს მომწვანო ელფერი მისცეს.

ასეა თუ ისე, ვულპიტის მწვანე ბავშვები ინგლისური ფოლკლორის მომხიბლავ და იდუმალ ნაწილად რჩება. ამ ამბის სიუჟეტი სხვადასხვა ფორმითაა გადმოცემული, მათ შორის, ლიტერატურაში, პიესებსა და სამეცნიერო სტატიებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები