ანაკლიაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, არარეგისტრირებული ცირკული ტიპის სახერხი საამქრო ზუგდიდი მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში, სასტუმროს ტერიტორიაზე იყო მოწყობილი.
უკანონო სახერხი საამქროს მიმდებარედ, პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი იყო განთავსებული.
უკანონო სახერხი დანადგარი დაილუქა. ვინაიდან, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.