საიდან გაჩნდა რწმენა, რომ სტაფილო მხედველობას აუმჯობესებს
ბავშვობიდან ყველას შთაგვაგონებენ, რომ სტაფილოს მხედველობის გაუმჯობესება შეუძლია, მაგრამ ვერ გვიხსნიან, თუ რა მექანიზმით მოქმედებს ეს ბოსტნეული. ხშირ შემთხვევაში, ხუმრობენ, რომ კურდღლებს სათვალე არ აქვთ, ე.ი. სტაფილოც მუშაობს. ასაკთან ერთად ვხვდებით, რომ კაროტინი შესაძლოა, სასარგებლოა მხედველობისთვის, მაგრამ საეჭვოა, რომ მას მხედველობის აღდგენა ან გაძლიერება შეეძლოს. და მაინც, საიდან მოდის ეს მითი?
როგორც ცნობილია, სტაფილოსთან დაკავშირებული ისტორია ნისლიან ალბიონში, კერძოდ, ბრიტანელმა სამხედროებმა მეორე მსოფლიო ომის დროს მოიგონეს. სტაფილოს ლეგენდა დაკავშირებულია იმდროინდელი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის უახლეს გამოგონებებთან.
მრავალი ათწლეულის განმავლობაში, სამხედრო ავიაციის შექმნის დღიდან მფრინავები იძულებული იყვნენ, ფრენისას მხოლოდ თავიანთ შეგრძნებებს დაყრდნობოდნენ. ღამის ფრენების დროს უპირატესობა ჰქონდა მფრინავს, რომელიც პირველი შენიშნავდა მოწინააღმდეგის თვითმფრინავს. ინგლისელმა კონსტრუქტორებმა შექმნეს საავიაციო რადარი, რომელსაც ანალოგი არ გააჩდა. Airborne Interception Radar-ს მოწინააღმდეგის თვითმფრინავის დაფიქსირება მრავალი მილის დაშორებით შეეძლო, მაშინაც კი, თუ მისი ძრავის ხმა არ ისმოდა.
საიდუმლო გამოგონება, რომელიც დიდი უპირატესობას ანიჭებდა ბრიტანელებს ღამის ბრძოლაში, საგულდაგულოდ ინახებოდა. ნაცისტები რომ ვერ მიმხვდარიყვნენ, რას იყენებდნენ ინგლისელები, მათ ხმა გაავრცელეს სტაფილოს დიეტის შესახებ. ერთდროულად რამდენიმე ბრიტანულმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატიები იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთის მფრინავები დიდი ოდენობით სტაფილოს იღებენ.
ისე, სტაფილო, განსაკუთრებით კი ახალი, მართლაც ძალიან სასარგებლოა თვალებისთვის. ის შეიცავს ბეტა-კაროტინს და A ვიტამინს. ეს ნივთიერებები ვერ აუმჯობესებენ მხედველობას და მით უმეტეს, სიბნელეში ვერ ავითარებენ მას. ვიტამინები, უბრალოდ, აფერხებენ ყვითელი ლაქის დეგენერაციას და ამცირებენ კატარაქტით დაავადების საშიშროებას. ყვითელი ლაქა თვალის ბადურის ცენტრალური ადგილია, რომელიც ცენტრალურ მხედველობაზე აგებს პასუხს.