ლევან კობიაშვილი: ხშირად ვმღერით – „ზღაპრის ბოლო კეთილია“, თუმცა, მჯერა ეს ბოლო არ არის და არც ზღაპარია, ეს რეალობაა
როდესაც გუშინ გუნდი სცენაზე იყო ასული, ვიდექი ქვემოთ და მართლა ამაყი ვუყურებდი ამ ყველაფერს, ვუყურებდი ამ ბიჭებს და ვხედავდი იმ წლების შედეგს, რომელიც ჩვენ ერთად გამოვიარეთ ურთულეს გზაზე, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ეს წარმატება არ იყო ვინმეს საჩუქარი, არამედ ეს იყო დამსახურებული.
„ფსიქოლოგიური ტვირთი მოხსნილია, გადალახულია და დარწმუნებული ვარ, ბევრი წარმატება იქნება. ასევე, იმისიც მჯერა, რომ ხშირად ვმღერით, ვამბობთ ამ ყველაფერს, ზღაპრის ბოლო კეთილია. რა თქმა უნდა, კეთილია ეს ყველაფერი, თუმცა, მჯერა ეს ბოლო არ არის და ასევე, ვიტყოდი, არც ზღაპარია. ეს რეალობაა, სადაც ვართ ახლა, სადაც მოვედით, იმიტომ, რომ ამას ჩვენ წლების განმავლობაში ჩვენი თვალით ვხედავდით იქ მოედანზე, სამწვრთნელო, სავარჯიშო პროცესში თუ რა ხდებოდა, როგორი მოტივირებულები იყვნენ ფეხბურთელები. ცხადია, ჩვენთვის ეს შედეგი რეალობაა და რეალურად მივიღეთ ის შედეგი, რაშიც წლების განმავლობაში შრომა ჩაიდო.
როდესაც გუშინ გუნდი სცენაზე იყო ასული, ვიდექი ქვემოთ და მართლა ამაყი ვუყურებდი ამ ყველაფერს, ვუყურებდი ამ ბიჭებს და ვხედავდი იმ წლების შედეგს, რომელიც ჩვენ ერთად გამოვიარეთ ურთულეს გზაზე. ეს არ იყო საჩუქარი, ჩვენ დამსახურებულად მივაღწიეთ ამ ყველაფერს და მე ბედნიერი ვიყავი გუშინ, როდესაც ვიდექი და ამ ყველაფერს ვხედავდი“, – აღნიშნა კობიაშვილმა.