ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღია ავტობუსმა თავისუფლების მოედნის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღია ავტობუსმა მიხეილ მესხის სტადიონიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო.
გულშემატკივართა ნაწილი ფეხბურთელებს მიხეილ მესხის სტადიონთან დახვდნენ, ნაწილი კი თავისუფლების მოედანზეა შეკრებილი, სადაც დღეს დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.
ამ წუთებში დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები გულშემატკივრებით არის სავსე და ნაკრებს მსვლელობისას ათასობით ადამიანი შეძახილებით შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა.