დაგვირეკა და გვითხრა, არ გვენერვიულა – სირიაში დაღუპული ქართველის ოჯახმა არ იცოდა, რომ იგი მეამბოხეებს შეუერთდა
სირიაში შეტაკების დროს დაღუპული 18 წლის ბესო კუშტანაშვილის შესახებ “კვირამ“ ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა. დაღუპულის ბიძაშვილი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, “კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ბესო კუშტანაშვილი 2 თვის წინ პანკისის ხეობის სოფელ ომალოდან თურქეთში წავიდა და ოჯახში განაცხადა, რომ იქ მუშაობას აპირებდა. თუმცა, თურქეთიდან მალევე სირიაში გადავიდა და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ამბოხებულებს შეუერთდა.
“ბესომ ოჯახში თქვა, რომ თურქეთში აპირებდა სამუშაოდ წასვლას. გადაწყვეტილების რეალური მიზეზი რომ ეთქვა, ალბათ, მშობლები არ გაუშვებდნენ. თურქეთიდან მალევე სირიაში გადავიდა და იქაურ მეამბოხეებს შეუერთდა. რამდენიმე ხნის წინ დაგვირეკა, ეს ამბავი შეგვატყობინა და ისიც გვითხრა, რომ კარგად იყო და მასზე არ გვენერვიულა“, – განუცხადა “კვირას“ დაღუპულის ბიძაშვილმა.
მისივე თქმით, ოჯახს ბესო კუშტანაშვილის დაღუპვის შესახებ თურქეთიდან იმ ოჯახიდან აცნობეს, სადაც 18 წლის ახალგაზრდა სირიაში წასვლამდე დაბინავდა.
“როცა ბიძაჩემმა და ბიცოლაჩემმა შეიტყვეს, რომ ბესო სირიაში წავიდა და იქაურ მებრძოლებს შეუერთდა, რა თქმა უნდა, ინერვიულეს, მაგრამ ბესო იქ სიმართლისთვის იბრძოდა და ეს გვანუგეშებს“, – აცხადებს დაღუპულის ბიძაშვილი.
რაც შეეხება დაღუპულის გადმოსვენების საკითხს, ბესო კუშტანაშვილის ბიძაშვილი აცხადებს, რომ დაღუპულს დიდი ალბათობით არ გადმოასვენებენ და სირიაში დაკრძალავენ. “ბესო იბრძოდა სიმართლისთვის და ამ ბრძოლას შეეწირა. ალბათ, ოჯახი მის გადმოსვენებას არც მოითხოვს და მას იმ მიწაზე დაკრძალავენ, სადაც დიღუპა“, – აღნიშნა დაღუპულის ბიძაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სირიაში დაღუპული ახალგაზრდას ბიძა ცნობილი საველე მეთაურის რუსლან გელაევის თანამებრძოლი იყო. ის წლების წინ მომხდარი ერთ-ერთი შეტაკებისას დაიღუპა.