შვეიცარი – ერთი პროფესიის ისტორია
შვეიცარი ყოველთვის იმ დაწესებულების ან სახლის სახედ ითვლებოდა, რომლის კართანაც იდგა. შეიძლება, ითქვას, რომ ეს ადამიანი – სახლი, რესტორნის, სასტუმროს თუ კლუბის „სულია“. ამ პროფესიამ მრავალ საუკუნეს გაუძლო. შვეიცარი ყველა ვერ იქნება – მოთხოვნები ძალიან მაღალია და მსურველიც ძალიან ბევრია.
ზუსტად ვერავინ იტყვის, როდის გაჩნდა შვეიცარის პროფესია. დანამდვილებით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ჯერ კიდევ ძველ რომში სტუმრებს ვილის ან სახლის შესასვლელთან სპეციალური ადამიანი ხვდებოდა. ის რჩებოდა თავის პოსტზე, როდესაც სახლის პატრონები სადმე მიდიოდნენ. ეს დასაქმებული პირი ფიზიკურად ძლიერი და შეიარაღებული იყო, ვინაიდან მისი საქმე პირდაპირ უკავშირდებოდა სახლის და მასში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებას. შუა საუკუნეებში ეს პროფესია ძალიან მოთხოვნადი აღმოჩნდა. სახლში შეჭრა იმ დროს არა მხოლოდ ბოროტმოქმედებს შეეძლოთ, არამედ – შურიან მეზობლებსაც. ასეთი მცველის ყოლა ყველას არ შეეძლო, ამიტომ სპეციალურად შერჩეული ადამიანი კარის შესასვლელთან ქონების მფლობელის მაღალ თანამდებობას და სოლიდურ შემოსავალს ნიშნავდა.
მოგვიანებით, ამ პროფესიამ ბევრი სხვა პროფესიაც წარმოშვა, მაგრამ შვეიცარები დარჩნენ პერსონებად, რომელთა მთავარი მოვალეოება სახლის სტატუსზე ყურადღების გამახვილებაა. შვეიცარებზე მოთხოვნა ყველაზე მაღალი იმ პერიოდში იყო, როდესაც სასტუმროების და რესტორნების ბიზნესი აქტიურად ვითარდებოდა. ეს მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი გახლდათ.
ალბათ, გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ სიტყვა „შვეიცარი“ და შვედეთი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამ სიტყვის წარმოშობის რამდენიმე ისტორია არსებობს. რეალობასთან ყველაზე ახლოს არის შემდეგი ვერსია: ევროპელი მამაკაცები ხშირად მიდიოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში დაცვის პოზიციაზე სამუშაოდ. განსაკუთრებული სიფრთხილით ირჩეოდა რომის პაპის გვარდია, რომელიც, ძირითადად, შვეიცარიელებისგან იყო დაკომპლექტებული. შესაბამისად, კართან მდგომი ადამიანებიც შვეიცარიელები იყვნენ და მათ ასეც მოიხსენიებდნენ, მაგრამ უხერხულობას ქმნიდა ერთ ფაქტი: როდესაც შვეიცარიიდან პაპთან სტუმრად ჩადიოდნენ, არ შეიძლებოდა სტუმრებიც და კართან მდგომი ხალხიც ერთი სახელით მოეხსენიებინათ. ამიტომაც, დაცვის თანამშრომლებს სახელი შეუკვეცეს და მათ შვეიცარები უწოდეს.
თანამედროვე შვეიცარების მოვალეობები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ამ პროფესიის ადამიანები ხალხს მთავარ შესასვლელებთან ხვდებიან, უღებენ კარს, უძახებენ ტაქსის, ეხმარებიან ბარგის გადატანაში, აწვდიან ინფორმაციას და ა.შ.
მრავალბინიან სახლებში შვეიცარებს შესაძლოა, მრავალი ფუნქცია ჰქონდეთ შეთავსებული. ისინი მცირე სამუშაოებსაც აწარმოებენ მისაღების მოსაწესრიგებლად.