ჩადის რესპუბლიკაში საბრძოლო მასალების ერთ-ერთ საწყობში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 9 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 46 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან დაშავებულთა დიდი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.
ჩადის დედაქალაქ ნჯამენაში ხანძრის შედეგად გამოწვეული აფეთქებები შუაღამით დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
საწყობი, რომელშიც იარაღი ინახებოდა დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, გუჯის რაიონში მდებარე ფრანგული ჯარის სამხედრო ბაზასთან და აეროპორტთან ახლოს მდებარეობს. ამასთან, ამავე რაიონში არაერთი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს.
ჩადის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, შემთხვევითობაა.