ფიროსმანი და პატარა მხატვარი, რომელიც მირზაანის მოხატვაში მონაწილეობს

დაიბადა სიღნაღის რაიონში. ამბობს, რომ ბავშვობიდან უყვარს ხატვა. სიღნაღის მუნიციპალიტეტი გია მოსეშვილის სახელობის ქვემო ბოდბის საჯარო სკოლის  მერვე კლასში სწავლობს.
ნინიკო ხუნაშვილი სოფელ მირზაანში 17 მაისს – მუზეუმების საერთაშორისო დღეს გავიცანი. ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში მხატვარ ქეთევან ჯავახიძის მასტერკლასში მონაწილეობდა. იქვე ჩაიწერა ეს პატარა ინტერვიუც.

– პირველი ნახატები…
– ჩემი პირველი ნახატი არის „პეიზაჟი“. ძირითადად, ღამით ვხატავ.
– საიდან მოდის შთაგონება, თემები?
– მუზიდან. ნახატის დახატვა რომ მინდა, პირველად  ვაკეთებ ნახაზებს, შემდეგ კი ვაერთიანებ. ასე დავხატე ღვინის ბოთლი და ბროწეული და დასრულებისთანავე დავფერე.
– საყვარელი მხატვარი?
– ნიკო ფიროსმანი. ფიროსმანის ნახატებიდან ყველაზე ძალიან მომწონს მეთევზე, მარგალიტა და ფიროსმანი – ავტოპორტრეტი.
– ვინ გიფასებს პირველად ნახატს?
– ბელა ლობჯანიძე – ჩვენი ბელა მასწავლებელი, ვინც ბევრი რამ მასწავლა. დღეს კარგად რომ ვხატავ, მისი დამსახურებაა.
– ნიკო ფიროსმანის მშობლიური სოფლის – მირზაანის ქუჩები იხატება, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის  მირზაანელ თვითნასწავლ ნიჭიერ მხატვარს, ბელა ლობჯანიძეს… ალბათ სოფლის მოხატვაშიც  მონაწილეობდი…
– კი, ერთხელ მოხატვაშიც მივიღე მონაწილეობა. ბელა მასწავლებელთან დავდივარ ხატვაზე და გამოფენებზეც ვხვდებით…
– ერთი ნახატი…
– გვირილები…  ძალიან მიყვარს. ასევე, დამიხატავს ლარნაკი და ყვავილები.
– გამოფენები…
– პირველად ნიკო ფიროსმანისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა. იქვე გაიმართა გამოფენაც.
– ჰობი…
– ხატვა.
– რომელი ფერები გიყვარს?
– წითელი, ლურჯი, ყვითელი, მწვანე, შავი იისფერი.
– 18 მაისს მუზეუმები საერთაშორისო დღეს მონაწილეობდით მასტერკლასში…
– ძალიან მომეწონა. ასეთი ღონისძიებები ხშირად ტარდება  მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმში.

                                                                                                             

                                                                                                                      თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები