პირველი მცურავი სასტუმროს სევდიანი ისტორია
ჩრდილოეთ კორეის სანაპიროსთან, სამხრეთ კორეის საზღვართან ახლოს ღუზაზე მიმაგრებულ მიტოვებულ მცურავ სასტუმრო Haegumgang-ს წააწყდებით. ამ უცნაური კურორტის ფანჯრებში სიბნელეა, მისი მომავალი კი, განუსაზღვრელია. წარსულში ეს უნიკალური მცურავი კომპლექსი მთელი მსოფლიოს ტურიტებში აღფრთოვანებას იწვევდა. სასტუმრო, რომელსაც ანალოგი არ აქვს, დღეს მიტოვებულია.
Haegumgang-მა სტუმრები პირველად 1988 წელს მიიღო. მას Four Seasons Barrier Reef Resort ერქვა და ბრიუერის რიფთან, ავსტრალიის სანაპიროსთან, კვინსლენდის რიფთან იდგა. სასტუმროს პატრონი, დაგ ტარკი, პროფესიონალი მყვინთავი და მეწარმე, კვინსლენდში დაიბადა და გაიზარდა. მას ძალიან უყვარდა დიდი რიფები და კარგად იცოდა მათი ტურისტული პოტენციალი.
1983 წელს ტარკმა დააარსა ფირმა Reef Link, რომელიც რიფთან ჩაყვინთვის ორგანიზებას უზრუნველყოფდა. მალე ბიზნესმენი მიხვდა, რომ გაცილებით მომგებიანი და კომფორტული კლიენტებისთვის ის იქნებოდა, თუ ჩასაყვინთ ადგილას კატერით კი არ მივიდნენ, არამედ იცხოვრებდნენ კიდეც. ასე Reef Link-ის კლიენტები უფრო დატკბებოდნენ რიფების სილამაზით და ღამითაც შეძლებდნენ ჩაყვინთვას.
თავიდან დაგ ტარკი ჩამოწერილი საკრუიზო ლაინერების შეძენას და ღუზის ჩაშვებას აპირებდა, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა, რომ ეს სოლიდური არ იქნებოდა. მის თავში მსოფლიოში პირველი, მცურავი სასტუმროს იდეა გაჩნდა, რომელიც სტუმრებს მაქსიმალურ სიმყუდროვეს და გართობის ფართო ასორტიმენტს შესთავაზებდა. ინვესტორები ძალიან მალე გამოჩნდნენ და 1986 წელს სინგაპურში სასტუმრო-ხომალდის მშენებლობა დაიწყო.
ეს სულაც არ იყო იაფი. სასტუმრო, ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, 45 მილიონი დოლარი ჯდებოდა, მაგრამ ეს ამად ღირდა – ინტერესი ამ უჩვეულო ტურისტული ობიექტის მიმართ ჯერ კიდევ მისი მშენებლობისას გაჩნდა. 1988 წელს ის კვინსლენდის სანაპიროსთან ჩაიტანეს და გახსნისთვის ამზადებდნენ.
ეს საოცარი ნაგებობა გახლდათ, რომელმაც დროს გაუსწრო. სასტუმროს შვიდი ღუზა აკავებდა, რომლებიც ისე იყო დაყენებული, რომ რიფის ეკოსისტემა არ დაერღვია. საკანალიზაციო სისტემა დახურული იყო – კანალიზაცია ოკეანეში არ ჩაედინებოდა და სათავსოებში ინახებოდა. შემდეგ, მყარ ნარჩენებთან ერთად, ის კონტინენტზე გადაჰქონდათ და იქ ანადგურებდნენ.
ხუთვარსკვლავიან სასტუმროში 176 ნომერი იყო, სადაც 350 სტუმრის განთავსება შეიძლებოდა. მათ ემსახურებოდა ორი რესტორანი, ღამის კლუბი, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო ლაბორატორია, მაღაზიები, ჩასაყვინთი შეიარაღების გასაქირავებელი პუნქტი და ჩოგბურთის კორტი. სასტუმროს გააჩნდა წყალქვეშა ექსკურსიებისთვის განკუთვნილი საკუთარი წყალქვეშა გემი.
Four Seasons Barrier Reef Resort-ის საზეიმო გახსნა 1988 წლის 9 მარტს შედგა. ამ მომენტისთვის უკვე ყველა ნომერი დაბრონილი იყო. ისე ჩანდა, თითქოს, ჩანაფიქრი კარგი იყო და ბიზნესი აყვავდებოდა, მაგრამ ძალიან მალე გაირკვა, რომ სტუმრები არც ისე კმაყოფილნი იყვნენ დასვენებით.
გახსნიდან ძალიან მალე გამოჩნდა პრობლემები, რომლებიც ტარკს და მის კომპანიონებს გათვალისწინებული არ ჰქონდათ. პირველი – Four Seasons Barrier Reef Resort-ის განთავსების ადგილი. იქ მისასვლელად, სტუმრებს ორი საათის განმავლობაში ჩქაროსნული კატამარანით ტალღებზე ხტუნვა ან ვერტმფრენით ფრენა უწევდათ, რისთვისაც ერთ კაცზე 350 დოლარს იხდიდნენ.
უამინდობის დროს სასტუმრო მთელი სამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა, ვინაიდან არც ვერტმფრენი და არც კატარამარანი არ დადიოდა. ამასთანავე, მცირე შტორმიც კი სტუმრებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა. მცურავი სასტუმრო ძალიან ირწეოდა და ზღვის ავადმყოფობაც ბევრ ტურისტს აწუხებდა. ყველაზე მეტად რყევა ზედა სართულზე იგრძნობოდა. ზუსტად ამიტომ, იქ სასტუმროს პერსონალი განათავსეს, რომელიც ასევე არ იყო კმაყოფილი შექმნილი დისკომფორტით.
ძალიან მალე საიდანღაც გაჩნდა ხმა, რომ სასტუმროდან რამდენიმე მილში მდებარეობდა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი შეიარაღების საცავი. თითქოს, იქ არსებული შეიარაღება იმდენად დაზიანებულ მდგომარეობაში იყო დროისა და ზღვის წყლის გამო, რომ შეიძლებოდა, ნებისმიერ მომენტში აფეთქებულილყო. ყველაფერი ეს დაწესებულების პოპულარობაზე აისახა და სასტუმრო ნელ-ნელა დაცარიელდა.
მოხდა ისე, რომ სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, Four Seasons Barrier Reef Resort-მა ტექნიკური ხარჯების გადახდაც კი შეწყვიტა, არათუ ფუნქციონირება. მცურავი კომპლექსი ვიეტნამურმა კომპანიამ იყიდა და მალე მან სამუდამოდ დატოვა რიფი.
სასტუმრომ 5500 კილომეტრზე მეტი გაიარა და მდინარე საიგონზე გაჩერდა. ახალი ვიეტნამელი მფლობელები არ იყვნენ ორიგინალურები და მას Saigon Hotel უწოდეს. მცურავი სასტუმრო ახალ მფლობელებს, თითქმის, 10 წლის განმავლობაში ემსახურებოდა და ტურისტებშიც მოთხოვნადი იყო. დიდი როლი, ალბათ, იმან ითამაშა, რომ სასტუმრო მდინარის ნაპირზე იყო განთავსებული და სტუმრებს ზღვის ავადმყოფობა არ აწუხებდათ.
მიუხედავად წლების პოპულარობისა, Saigon Hotel-იც ყველას მობეზრდა და მასზე მოთხოვნა დაეცა. კვლავ გადაწყდა სასტუმროს გაყიდვა და მყიდველიც მალე გამოჩნდა. მისი შეძენა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას სურდა. იმ დროს ჩრდილოეთ კორეა აქტიურად ავითარებდა კუმგანგსანის საკურორტო ზონას და ნაყიდი სასტუმრო იქვე გააჩერეს. კიდევ 4500 კილომეტრის გავლის შემდეგ, სასტუმრო თვალწარმტაც ყურეში აღმოჩნდა. უკვე Haegumgang Hotel-ის სახელით განაგრძო ფუნქციონირება და უამრავ სტუმარსაც უმასპინძლა. შემდეგ სასტუმრო ისევ დაცარიელდა, დღეს კი, მისი მომავალი გაუგებარია.