მაკა ბოჭორიშვილი: მაღვიძარასავით უნდა იყოს ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, საქართველოსთან მიმართებაში რაც ხდება – თვალის დახუჭვა ამ უსამართლობაზე არ მგონია, რომ კარგის მომტანი იყოს თავად ევროპული პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის
„მაღვიძარასავით უნდა იყოს ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, საქართველოსთან მიმართებაში რაც ხდება. თვალის დახუჭვა ამ უსამართლობაზე არ მგონია, რომ კარგის მომტანი იყოს თავად ევროპული პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ნამდვილად არ არის თვალის დასახუჭი ის მოცემულობა, როდესაც ამდენი მიზანმიმართული ნაბიჯი იდგმება ერთი ქვეყნის წინააღმდეგ და ასეთი მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს.
როგორც მან აღნიშნა, არსებული პრობლემა ვლინდება ევრონესტის ფარგლებშიც.
„როდესაც აცხადებენ, რომ თურმე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ეპატიჟებიან, და ამ დროს ჩვენ ვხედავთ იქ მიწვეულ პოლიტიკოსებს. ეს კიდევ ერთხელ კარგად აჩვენებს, თუ რამდენად გამქრალია ზღვარი ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის, რომელსაც ასე აფინანსებდნენ. უცხოური ფულით ფინანსდებოდა პოლიტიკა, აი ამის გამოჩენა არ სურდათ მათ, და სწორედ ამიტომაც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს. ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკას შორის ევროპარლამენტის დიდი ნაწილი ზღვარს ვერ ხედავს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.