„ტრანსფორმაცია საჯარო სექტორში” – არაბთა გაერთიანებული საამიროები ზურაბ ჟვანიას სკოლას აღმოსავლურ გამოცდილებას უზიარებს

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დელეგაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია და მონაწილეობა მიიღო „სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლების ქსელის (NSG)“ და „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)” მიერ გამართულ კონფერენციაში – „ტრანსფორმაცია საჯარო სექტორში”. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფოებმა განიხილეს საჯარო მმართველობის აქტუალური საკითხები, რათა  არსებული გამოწვევები გაერთიანებული ძალით დაძლიონ.

“კვირა” დაინტერესდა, თუ რა როლს თამაშობს ჟვანიას სკოლა საჯარო ადმინისტრირების სექტორის განვითარებაში როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე; ანდა, რა პროცესები დაძრა დუბაიში ვიზიტმა, სწორედ ამიტომ „საჯარო ადმინისტრირების პროგრამის” ხელმძღვანელს, ნინო ნარეშელაშვილს გავესაუბრეთ.

მოგესალმებით, ქალბატონო ნინო. სანამ საკუთრივ ჟვანიას სკოლის საერთაშორისო პარტნიორობასა და ინტერნაციონალიზაციაზე ვისაუბრებთ, კარგი იქნება, თუკი ჩვენი მკითხველები NSG-ის საქმიანობაზე მეტს შეიტყობენ. რას ემსახურება აღნიშნული ორგანიზაცია? რა არის მისი პრაქტიკული დანიშნულება, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხზე?

„სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლების ქსელი (NSG)” ემსახურება საჯარო სექტორის გაუმჯობესებას და მისი ეფექტიანობის გაზრდას, სახელმწიფო დაწესებულებებში განათლების დონის ამაღლებას, კადრთა გადამზადებისა და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების გზით. ორგანიზაცია უზრუნველყოფს საჯარო მოხელეების მიერ დადგენილი კანონმდებლობის, დებულებებისა და სისტემების დაცვას.

როგორ და როდის გადაიკვეთასახელმწიფო ადმინისტრირების სკოლების ქსელისა” და ჟვნიას სკოლის გზები?

2022 წლის 19-20  მაისს პარიზში გაიმართა „საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების დირექტორთა (DISPA)“ ყოველწლიური შეხვედრა. კონფერენციას ყოველთვის მასპინძლობს ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარე ქვეყანა. მასპინძელი ამჯერად საფრანგეთის „საჯარო ადმინისტრირების ეროვნული ინსტიტუტი (INSP)“ იყო. კონფერენციის მთავარ თემად აირჩიეს „ქცევითი მეცნიერებებისა და ფსიქოლოგიის წვლილი საჯარო მოხელეთა შერჩევა-გადამზადებაში“.

ჯგუფური სამუშაო შეხვედრების შემდეგ პანელისტებმა გააანალიზეს, რა როლი უნდა შეასრულოს ფსიქოლოგიურმა ანალიტიკამ რეკრუტირების პროცესში. საქართველოს დელეგაციის წევრს, ქეთევან ნატრიაშვილს, პანელურ სესიაზე გამოსვლის შემდეგ მიმართა საბერძნეთის ჰომოლოგი დაწესებულების ხელმძღვანელმა და ჟვანიას სკოლა მიიწვია იმავე წლის ივნისში ქ. ათენში დაგეგმილ „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)“ ხელშეწყობით გამართულ „სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლების ქსელის (NSG)“ ყოველწლიურ ღონისძიებაზე.

რა შესძინა ჟვანიას სკოლას NSG-სთან თანამშრომლობამ?

-„სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლების ქსელი“ სწრაფად ვითარდება და მუდმივად მიისწრაფვის ლიდერობისკენ. ადგენს რა სამომავლო გეგმებს, მათში საქართველოს წარმომადგენელი სკოლაც მოიაზრება. ჟვანიას სკოლისთვის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რომ ადმინსტრაციული ცენტრების ამ დიდ ოჯახში ნელ-ნელა საკუთარ ადგილს იკავებს. სამუშაო შეხვედრებისას NSG-ის წევრები გვიზიარებენ თავიანთ წარმატებულ გამოცდილებას, რაც სასურველია დაინერგოს საქართველოშიც.

როგორ შეაფასებდით 28-29 მაისს გამართულ ყოველწლიურ კონფერენციასტრანსფორმაცია საჯარო სექტორში“?

აღნიშნულ კონფერენციაში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჟვანიას სკოლისთვის, ვინაიდან გაეცნო სხვა სახელმწიფოების მიერ დანერგილ წარმატებულ პრაქტიკას.  კონფერენეციაზე განვიხილეთ ისეთი თემები როგორებიცაა: წამყვანი ტრანსფორმაცია (რომელიც წარმართავს ორგანიზაციულ და კულტურულ ცვლილებებს); ლიდერობა მმართველობასა და რეფორმირებაში; ლიდერობის, კულტურისა და სახელმწიფო ადმინისტრაციის ევოლუციის სირთულეების მართვა; მომავლის ნავიგაცია, უფრო კონკრეტულად, ხელოვნური ინტელექტის სოციო-ეკონომიკური დიფერენციაცია და მისი გავლენა საჯარო სექტორზე. კონფერენციაზე გაზიარებული ინფორმაცია სკოლას მისცემს შესაძლებლობას სრულყოფილად ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში და დანერგოს სიახლეები. საბოლოოდ კი, კონფერენციაში მონაწილეობამ შესაძლებელი გახადა ახალი საქმიანი ურთიერობების წამოწყება გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ბრაზიილის, სინგაპურის, იაპონიის, ომანის, ყატარის, ბაჰრეინისა და კორეის ჰომოლოგ დაწესებულებებთან.

არაბეთის გაერთიანებული საამიროების შესანიშნავ მიღწევებს საფუძვლად უდევს მისი აღმოსავლური ფილოსოფია, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს ადამიანური რესურსის – და განსაკუთრებით ლიდერების – გაძლიერებას სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. კვალიფიციური სამუშაო ძალის გარეშე, რომელსაც შეუძლია რეალური ცვლილებების მოტანა, საამიროები ვერ მიაღწევდა მოწინავე რეიტინგს დაწინაურებულ სახელმწიფოთა შორის. ამ ფილოსოფიის გათვალისწინებით, მუჰამედ “ბინ რაშიდის სამთავრობო სკოლა (MBRSG)” განასახიერებს არაბეთის გაერთიანებულ საემიროების განვითარების მოდელს.

 როგორც მედიისთვისაა ცნობილი, კონფერენცია სესიებად დაიყო. თქვენ კი ერთ-ერთი სესიის მოდერატორი იყავით. გვიამბეთ დეტალები: რას მოიცავდა სესია? თქვენი აზრით, რა პასუხისმგებლობა დაეკისრა ჟვანიას სკოლას და პირადად თქვენ, როგორც მის წარმომადგენელს, აღნიშნული პროცესის წარმართვაში?

კონფერენციის ორგანიზატორებმა შემოგვთავაზეს ერთ-ერთი სესიის მოდეტარორობა, რაც სკოლისთვის და პირადად ჩემთვის დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი გამოწვევა იყო. სესია გულისხობდა  დღის წესრიგით შემოთავაზებულ საკითხებზე ჯგუფურ მუშაობას. ჯგუფი შედგებოდა 19 წევრისგან, რომლებმაც იმსჯელეს და განიხილეს შემდეგი საკითხები:

-განსხვავებული იქნება თუ არა 10 ან 20 წელიწადში ადამიანური კაპიტალი და საკადრო მოთხოვნები;

– რა ახალი პროფილები ჩამოყალიბდება და რომელი უნარები იქნება საჭირო ნაკისრი მოვალეობების შესასრულებლად;

– რა სახის კვალიფიკაციის ამაღლების კამპანიებია საჭირო ამ გამოწვევების დასაძლევად.

სესიის მოდერატორი პასუხუსმგებელი იყო მიღებული უკუკავშირის შეჯამებაზე და მოკლე ანალიზზე.

დღევანდელი ლიდერები უნიკალური გამოწვევების წინაშე დგანან, რაც მათგან სწრაფ რეაგირებას მოითხოვს. დუბაიში ჩატარებულ შეხვედრაზე განიხილეს ის ინოვაციური საშუალებები, რომლითაც საჯარო მოხელეებს გაუუმჯობესდებათ უნარ-ჩვევები, რათა ეფექტურად მიიღონ გადაწყვეტილებები, მართონ ადამიანები და გაუმკლავდნენ ცვლილებები; ცვლილებებს.

ვფიქრობთ, ვინაიდან ჟვანია სკოლის გამოწვევებში შედის საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლებაცა, ჩამოთვლილი საკითხების განხილვაში მონაწილეობა, ფასდაუდებელი გამოცდილების მიღების საშუალება იყო.

როგორია ჟვანიას სკოლის სამომავლო გეგმები საერთაშორისო და ლოკალურ ასპარეზზე საჯარო ადმინისტრირების კუთხით?

ჟვანიას სკოლა მჭიდროდ ითანამშრომლებს ჩვენს სხვადასხვა ჰომოლოგ დაწესებულებასთან კავკასიის რეგიონსა თუ მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვჯერა, რომ პარტნიორობა არის გასაღები სწორი გადაწყვეტილებების მოსაძებნად, ძლიერი საშუალება განვითარებისა და კეთილდღეობის ამბიციური მიზნების მისაღწევად, ამით კი მომავალი თაობებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად. უახლოეს მომავალში ვგგმავთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას აზერბაიჯანელ და მოლდოველ კოლეგებთან; უკვე აქტიურად ვემზადებით „საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების დირექტორთა (DISPA)“ ყოველწლიური შეხვედრისთვის, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში უნგრეთის დედაქალაქში გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები