რატომ აქვთ ღვინის ბოთლებს შეზნექილი ძირი
ალბათ, მიგიქცევიათ ყურადღება, რომ ღვინის ბოთლებს შეზნექილი ძირი აქვთ. საიდან მოვიდა ეს ტრადიცია და რატომ დაიწყეს მსგავსი ძირის გაკეთება?
არ არის გასაკვირი, რომ ღვინის ბოთლის ძირის შეზნექვა საფრანგეთიდან მოდის. ამას რამდენიმე დანიშნულება ჰქონდა.
ტრანსპორტირების გაადვილება
როგორც ვიცით, მუშკეტერები გვერდიდან არ იშორებდნენ ბურგუნდიულ ღვინოს, ხოლო მოგვიანებით ე.წ. ნაღები საზოგადოება უპირატესობას შამპანურს ანიჭებდა. ყველა ადგილი თავისი ღვინით იყო ცნობილი. ფრანგული ღვინო მთელი ევროპის მასშტაბით იგზავნებოდა, შემდეგ კი, ოკეანის მიღმაც. აქედან გამომდინარე, გაჩნდა აუცილებლობა, რომ მომხმარებლამდე ღვინო უვნებელი ჩაეტანათ.
ტრანსპორტირების საშუალება ძირითად შემთხვევაში იყო ურემი და მსგავსი ტრანსპორტი, ხოლო გზები იმ დროს საშინელი გახლდათ. იმისთვის, რომ ასობით და ათასობით ღვინის ბოთლი უვნებლად მიეტანათ, მათი მჭიდროდ დაფიქსირება იყო საჭირო. ღვინის ბოთლის საცობი ზემოთ მდებარე ბოთლის შეზნექილ ძირში ჯდებოდა და მიზანიც მიღწეული იყო.
ნალექის დაფარვის მიზნით
ღვინის მწარმოებლები მაშინ არ ფლობდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ღვინის შექმნის პროცესი ბუნებრივი გზით მიმდინარეობდა, შედეგად კი, ნალექიც ჩნდებოდა. ეს ესთეტიკურ შთაბეჭდილებას აფუჭებდა და ნალექის დალევა, ცხადია, არავის სურდა. შეზნექილი ფსკერი ამ პრობლემას კარგად უმკლავდებოდა. ნალექი ბოთლის ძირის შეზნექილი ადგილის გვერდებში ჩადიოდა და ზედა ნაწილში არ ხვდებოდა.
ბოთლების ადვილად დამზადება
როდესაც ღვინო ანტიკური ამფორებიდან შუშის ბოთლებში გადავიდა, მათი წარმოება გაფართოვდა, მაგრამ საქმეს ისევ ხელით აკეთებდნენ. შუშის საამქროები აკმაყოფილებდნენ მეღვინეების მოთხოვნებს, თუმცა მთავარი პრობლემა ბოთლის ძირი რჩებოდა – ყველა ბოთლისთვის მისი უნაკეროდ, სწორად შესრულება ტექნიკურ სირთულეს წარმოადგენდა, ამიტომ ეს ნაკლი ღირსებად აქციეს. შეზნექილი ფსკერი დუქნების მფლობელებისთვისაც კარგიც იყო, ვინაიდან ისინი ფულს ზოგავდნენ იმ კლიენტებზე, რომელთათვის ბოთლის მოცულობის შეცვლა შეუმჩნეველი დარჩა.
შამპანურმა რომ არ გაისროლოს
შამპანურის ბოთლის გახსნის მცოდნე ცოტა თუ შეგვხვდება. თითქმის, ყველას „უფეთქდება“ – საცობი სხვაგან მიფრინავს, ხოლო სასმელი ქაფდება და იღვრება. ყველაფერი ეს ნახშირორჟანგის გამო ხდება, რომელიც ბოთლში გროვდება და წნევას ქმნის. აი, აქ კი ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად მდგრადია ბოთლი, რასაც ფსკერის შეზნექილობა უზრუნველყოფს.