როგორ მოვიხადოთ სასჯელი მკვლელობისთვის, რომელიც არასდროს მომხდარა – ისლანდიელი ექვსეულის საქმე

ისლანდიაში დანაშაულის დონე ძალიან დაბალია. ამის დაჯერება რთულია, მაგრამ საუკუნის მეოთხედში ამ კუნძულზე მხოლოდ 30 მკვლელობა მოხდა. 70-იან წლებში ყველაფერი კიდევ უკეთესად იყო და მძიმე დანაშაული ყოველ წელსაც კი არ ხდებოდა. აქ ყველაზე გავრცელებული დანაშაული სატრანსპორტო საშუალების გატაცებაა; ამ შემთხვევების უმეტესობა კი, გასეირნების მიზნით ხდება, ვინაიდან მანქანით კუნძულიდან სადმე წასვლა შეუძლებელია. თუმცა, არსებობდა უცნაური შემთხვევებიც. ერთ-ერთი მათგანი ისტორიაში შევიდა, როგორც „ისლანდიელი ექვსეული“.

ჰიპების ეპოქა ისლანდიაში დაგვიანებით დაიწყო – 70-იანი წლების დასაწყისში. ახალგაზრდა მეამბოხეების თაობა საერთოდ არ განსხვავდებოდა თანამოაზრეებისგან. ზუსტად ამ ახალგაზრდებს მიეკუთვნებოდა 18 წლის მუშა რეიკიავიკიდან გუმუნდურ ეინარსონი.

1974 წლის 27 იანვარში ახალგაზრდა მეგობრებთან წავიდა წვეულებაზე, რომლის შემდეგაც მთელი სამეგობრო ქალაქ ჰაბნარფიორდურში გაემგზავრა, დედაქალაქიდან 10 კილომეტრში. იქ მათ გართობა განაგრძეს, მიიღეს ალკოჰოლი და ნაროკტიკები. წვეულებისას ეინარსონი სადღაც გაუჩინარდა. როგორც მეგობრებმა გაარკვიეს, ის ვიღაც ნაცნობთან ერთად სახლში წავიდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეინარსონი რეიკიავიკამდე არ ჩასულა. ისლანდიაში ცუდი ამინდებია, ამიტომ ადამიანების ძებნის სამსახური კარგად არის ორგანიზებული. ამ ქვეყნის სპეციალისტებს ხშირად იწვევენ ხოლმე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სამძებრო სამუშაოებისთვის. გარდა სახელმწიფო სისტემებისა, არსებობს მოხალისეთა ორგანიზაცია – „ძებნისა და გადარჩენის ასოციაცია“, რომელშიც ათასობით ადამიანია ჩართული. შესაბამისად, ყველას ჰქონდა იმედი, რომ ბიჭს ძალიან მალე იპოვიდნენ.

ჰაბნარფიორდური

დაკარგული ტურისტებისთვის მთელი ისლანდიის მასშტაბით ორგანიზებულია თავშესაფრები, სადაც ნახავთ ყველაფერს, ტანსაცმლიდან და პროდუქტიდან დაწყებული, წამლებით დამთავრებული. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ყველაზე თანამედროვე ტექნიკა, მათ შორის, ავიაცია.

ისლანდიის პოლიციამ დაადგინა, რომ ეინარსონი და მისი თანამგზავრი ცდილობდნენ, შემხვედრი მანქანა გაეჩერებინათ, მაგრამ ახალგაზრდები იმდენად მთვრალები იყვნენ, რომ მათი წაყვანა არავის მოუნდა. ამიტომაც, ისინი ფეხით წავიდნენ. მათ ცენტრალურ გზაზე შეეძლოთ სიარული, მაგრამ, დიდი ალბათობით, გზა შეიმოკლეს და მინდვრებით წავიდნენ. ასეთი გადაწყვეტილება არაერთი ადამიანისთვის გამხდარა სასიკვდილო. იქ ღრმა ნაპრალებია, რომლებიც თოვლითაა დაფარული და დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

სამძებრო ჯგუფებმა საგულდაგულოდ შეამოწმეს ყველა მარშრუტი, რომლითაც ეინარსონს შეიძლებოდა, ესარგებლა, მაგრამ არც მისი ცხედარი და არც კვალია არ უპოვიათ. კანონით დადგენილ ვადაში ოპერაცია დასრულდა, ხოლო ახალგაზრდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნიეს. მის თანამგზავრზე არაფერი ისმოდა, ვინაიდან დანამდვილებით არავინ იცოდა, ვინ იყო მასთან ერთად. თანაც, კიდევ ერთი მამაკაცის გაუჩინარების შესახებ არავის განუცხადებია.

სამძებრო ოპერაცია ისლანდიის ყველა გაზეთმა გააშუქა

მისი გაუჩინარება შეიძლება, მორიგი ამოუხსნელი ამოცანა ყოფილიყო, მაგრამ 1974 წლის იანვარში კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა, რომელიც პოლიციამ გაუჩინარებული ბიჭის საქმესთან დააკავშირა.

1975 წელს პოლიციის თვალთახედვის არეალში მოხვდა ორი ადამიანი. ესენი იყვნენ 20 წლის ერლა ბოლადოტირი და მისი შეყვარებული საივარ ცესელსკი. საივარს კანონთან პრობლემები ჰქონდა. ის ფინანსურ მაქინაციებსა და ნარკოტიკების გასაღებაში იყო ჩართული. ამჯერად მან რაღაც გაცილებით მნიშვნელოვანი ჩაიდინა.

ერლასთან ერთად, ცესელსკიმ თაღლითობის რთული სქემა შეიმუშავა. ყალბი საფოსტო გადარიცხვებისა და ჩეკების გამოყენებით, წყვილმა, დაახლოებით, მილიონი კრონის მიღება შეძლო, რაც იმ წლების კურსის მიხედვით, დაახლოებით, 10 ათას დოლარს შეადგენდა. თავიდან საივარი დააპატიმრეს, შემდეგ – ერლა. გოგონა იმდენად შეშინებული იყო, რომ თავად გადაწყვიტა, ყველაფერი მოეყოლა, რაც კი იცოდა. ერთ-ერთი დაკითხვის დროს გამომძიებელმა გოგონას ეინარსონის ფოტო აჩვენა. კითხვაზე, იცნობს თუ არა მას, ერლამ უპასუხა, რომ თანაკლასელის წვეულებაზე ნახა. რაღაც დროის მერე მან ტირილი დაიწყო და ძალიან უცნაური ისტორია მოყვა.

ერლა

ეინარსონის გაუჩინარების დღეს გოგონა გვიან მივიდა სახლში. ერლამ დიდხანს ვერ შეძლო დაძინება, მაგრამ როგორც კი ეს მოახერხა, მამაკაცის ხმამ გააღვიძა. მისი ფანჯრის ქვეშ საუბრობდნენ საივარი და მისი მეგობრები – კრისტიან ვიდარსონი და ტრიუგევე ლეიფსონი. უკვე დილით ახალგაზრდა ქალმა დაინახა, რომ მათ რაღაც გრძელი საგანი მიჰქონდათ, რომელიც ტომარაში იყო გახვეული. პოლიციელები მიხვდნენ, რომ როგორც იქნა, კვალს მიაგნეს.

უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, ერლას 9 დღეს ჰკითხავდნენ. გოგონას სახლში ახალშობილი შვილი ელოდებოდა და ძალიან ნერვიულობდა. ამან საქმე იქამდე მიიყვანა, რომ გოგონა რეალობას გამოგონილისგან ვეღარ არჩევდა და ჰყვებოდა იმას, რისი მოსმენაც პოლიციელებს მისგან სურდათ. ერლას ჩვენების დახმარებით, კიდევ ოთხი ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანმა აღიარებითი ჩვენება მისცა, მაგრამ რაღაც დეტალები განსხვავდებოდა.

ვითარება პარადოქსულად ვითარდებოდა. პოლიციას არც სამხილი ჰქონდა და არც – ცხედარი, მაგრამ ჰქონდა აღიარებითი ჩვენებები, რომლებიც ექვსივე დაკავებულმა დაადასტურა. დიახ, ისინი ურთიერთსაწინააღმდეგო იყო, მაგრამ ამაზე ყურადღება არავის გაუმახვილებია. „ისლანდიის ექვსეული“ გაასამართლეს და სხვადასხვა სასჯელი მიუსაჯეს:

ერლა სასამართლოში

ერლას – 3-წლიანი პატიმრობა; ერთ-ერთ ბიჭს, რომელიც ცხედრის დამალვაში სხვებს ეხმარებოდა – 15-თვაინი პატიმრობა; საივარს და კრისტიანს – სამუდამო პატიმრობა. დანარჩენებს გაცილებით რბილი სასჯელი ერგოთ. 1980 წელს ისლანდიის უზენაესმა სასამართლომ საქმეს გადახედა და პატიმრობის ვადები შეცვალა. ყველაზე მეტი – 8 წელი – ციხეში საივარმა გაატარა.

იქიდან გამოსვლის შემდეგ საივარმა სამართლიანობისთვის ბრძოლა დაიწყო და სრულ გამართლებას ითხოვდა. მან ბევრი რესურსი და ძალა ჩადო ამ საქმეში, მაგრამ დადებით შედეგს ვერ მიაღწია. რაღაც დროის შემდეგ „ისლანდიელი ექვსეულიდან“ ერთ-ერთის ქალიშვილმა მამის დღიური იპოვა. ის მას ციხეში წერდა. დღიური საქმეს დაურთეს, რომელსაც კიდევ ერთხელ გადახედეს. ახალი გამოძიება მივიდა შედეგამდე, რომ „ისლანდიელი ექვსეული“ არა იყო დამნაშავე და გუმუნდურ ეინარსონის საქმე თითიდან გამოწოვილი გახლდათ.

2017 წელს ამ საქმის ყველა მონაწილე უდანაშაულოდ სცნეს, მაგრამ რატომ მისცა ყველა მათგანმა აღიარებითი ჩვენება? უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ყველა მათგანი განიცდიდა ე.წ მეხსიერების უნდობლობის სინდრომს – როდესაც ადამიანი საკუთარ თავს იმდენად არ ენდობა, რომ გარე ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ ყალბ მოგონებებს იქმნის. რაც შეეხება თავად ეინარსონს, მისი ბედი დღემდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები