როგორ „ასწავლეს“ ფარნებს ყავის გაყიდვა და პოლიციის გამოძახება – Pluto Lamp-ის ისტორია

როგორ ფიქრობთ, განათების გარდა, რა ფუნქციას შეიძლება, ასრულებდეს ქუჩის ფარანი? დედოფალ ვიქტორიას პერიოდში ლონდონში ფარნებს საკვებისა და სასმლის გაყიდვა, ასევე პოლიციასთან დაკავშირება შეეძლო. ეს ამბავი ასე მოხდა:

1890 წლებში რამდენიმე უცნაური ფარანი გამოჩნდა. ისინი არა მხოლოდ ქუჩის გასანათებლად გამოიყენებოდა, არამედ სავაჭრო ავტომატის ფუნქციასაც ითავსებდა და გამვლელებს პოლიციასთან აკავშირებდა. იმ დროს ქუჩების განათება ბუნებრივ აირზე იყო მიბმული. შესაბამისად, ყველა ფარანი არა მხოლოდ სინათლის, არამედ სითბოს წყაროც გახლდათ, რაც ფუჭად იხარჯებოდა.

1896 წელს ინჟინერმა, ჰ.მ. რობინსონმა გადაწყვიტა, ეს სითბო გამოეყენებინა და შექმნა Pluto Lamp. ისინი განსხვავდებოდნენ ჩვეულებრივი ფარნებისგან გაცილებით მასიური ძირით, რომელშიც გამომგონებელმა დამატებითი მოწყობილობები მოათავსა. რობინსონმა ფარნებს წყალგაყვანილობა შეუერთა და გარდა ამისა, შიგნით სავაჭრო ავტომატებიც მოათავსა.

ბუნებრივი აირის სითბო ათბობდა წყალს, რომელიც აპარატში, მყიდველის სურვილისამებრ, ჩაიდ ან ყავად იქცეოდა. ცოტა მოგვიანებით, მან დახვეწა კონსტრუქცია და Pluto Lamp-ის მენიუში ცხელი ბულიონიც გაჩნდა. სასმლის ან წვნიანის საყიდლად, თაროზე ფინჯანის მოთავსება, მონეტის ჩაგდება და სასურველი პროდუქტის არჩევა იყო საჭირო. რობინსონი თავის გამოგონებაში ფართო პერსპექტივას ხედავდა და რეგულარულად აუმჯობესებდა მას. ძალიან მალე ფარნებმა ღია ბარათების და სიგარეტების გაყიდვაც „დაიწყეს“.

რობინსონი ამაზე არ შეჩერებულა და თავის ფარნებში ჩაამატა აპარატი, რომელიც პოლიციის განყოფილებასთან კავშირს უზრუნველყოფდა. მე-19 საუკუნის ბოლოს ბრიტანელები უკვე იყენებდნენ სატელეგრაფო კავშირს, მაგრამ ეს ძალიან ძვირი და ფაქიზი ტექნოლოგია გახლდათ. ამიტომაც, ინჟინერმა საფუძვლად ტელეგრაფის პრინციპი აიღო.

იმ დროს ტელეგრაფი მორზეს ანბანის გამოყენებით მუშაობდა, რომელიც კავშირგაბმულობის ხალხმა, მეზღვაურებმა და სამხედროებმა იცოდნენ. რობინსონმა მოქალაქეებს არ დაავალდებულა ამის შესწავლა – მან ახალი გადამცემი შეიმუშავა. იმისთვის, რომ პოლიციისთვის შეტყობინება გაეგზავნათ, საჭირო იყო ბორბლის დატრიალება, რომელზეც ასოები იყო დატანილი. ის ტელეფონის ნომრის ასაკრეფს ჰგავდა. საშუალოდ, ადამიანი ერთ წუთში 15 სიტყვას კრეფდა, რაც სავსებით საკმარისი იყო პოლიციაში შეტყობინების გასაგზავნად.

Pluto Lamp-ის ფარნებმა ფურორი მოახდინა. მათ ირგვლივ ყოველთვის იყო ხალხი. ერთი შეხედვით, გამოგონებას რობინსონი უნდა გაემდიდრებინა და ქუჩის ავტომატების ეპოქისთვის საფუძველი უნდა ჩაეყარა, მაგრამ საქმეში ადამიანური ფაქტორი ჩაერთო. ძალიან მალე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც Pluto Lamp-ს სისუსტე უპოვეს. აპარატი მონეტას მათი სტანდარტული ზომის გათვალისწინებით იღებდა, ამიტომ ძალიან მალე, მონეტების მაგივრად, მათში მრგვალ მეტალს ყრიდნენ.

სამწუხაროდ, იმ დროის ტექნოლოგიას არ შეეძლო ფულის ზუსტი ამოცნობა, ამიტომ Pluto Lamp -ის სალაროებში ბოლოს ნაგვის მეტი არაფერი ეყარა. აქედან გამომდინარე, საინტერესო და საჭირო პროექტი შეწყდა, უნიკალური სავაჭრო ფარნები კი, ისევ ჩვეულებრივ ფარნებად გადაიქცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები