ახალციხეში საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა ახალციხეში.
ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კულტურული, შემეცნებითი, სპორტული და საბავშვო-გასართობი აქტივობები.
ღონისძიების სტუმრებს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენის დათვალიერების და სამახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობა ჰქონდათ.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, 17:10 საათზე შესრულდა საქართველოს ჰიმნი, რის შემდეგაც გაიმართა სამცხე-ჯავახეთის კლუბის „ტაო” უმაღლეს ლიგაში გადასვლასთან დაკავშირებით, მორაგბეთა ჩემპიონი გუნდის საზეიმო წარდგენა.
ახალციხელებს და ქალაქის სტუმრებს დღესასწაული, ხოლო მორაგბებს წარმატება მიულოცეს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ და სხვებმა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი კონცერტით გაგრძელდა. ახალციხელი მაყურებლის წინაშე წარსდგნენ მუსიკალური ჯგუფი „ოჩოს ქოხი“ და Dj გიგა პაპასკირი.
ახალციხეში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები