საუკუნის აფერა – ისტორია ტომზე, რომელიც არასდროს არსებობდა

1970-იანი წლების დასაწყისში ჟურნალები და ტელევიზიები მთელ მსოფლიოში აშუქებდნენ ისტორიებს უნიკალური ტასადაის ტომის შესახებ, რომელიც ფილიპინების კუნძულ მინდანაოზე, ჯუნგლების გამოქვაბულებში ცხოვრობდა. მათ არაფერი იცოდნენ გარესამყაროს შესახებ, დაკავებულნი იყვნენ შემგროვებლობით და ფოთლებისგან აკინძულ „ტანსაცმელში“ დადიოდნენ. ამ ხალხს აღწერდნენ, როგორც ყველაზე ჩამორჩენილ ადამიანებს დედამიწაზე, რომელთა განვითარებაც ქვის ხანის დონეზე დარჩა.

ტასადაის ტომს მეზობელი ტომის მონადირე ხაფანგების დაყენებისას წააწყდა. აღმოჩენის შესახებ მონადირემ ფილიპინების პრეზიდენტის, ფერდინანდ მარკოსის მრჩეველს, მანუელ ელიზალდეს  უამბო.

დაინტერესებული ელიზალდე უცნაური ტომის სანახავად ჯუნგლებში წავიდა. მალე იქ გაემგზავრნენ ანთროპოლოგები, რეპორტიორები და ისეთი ცნობილი ფიგურებიც, როგორებიც იყვნენ ჩარლზ ლინდბერგი და ჯინა ლოლობრიჯიდა. ფაქტობრივად, ერთ დღეში უცნობმა ტომმა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.

რამაც ყველაზე მეტად დაიპყრო მსოფლიოს გული, ეს ტასადაის სიმშვიდე იყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტომის ხალხი ერთმანეთთან ჰარმონიაში ცხოვრობს, არანაირი კონფლიქტი არ აქვთ, ომისა და ბრძოლის შესატყვისი სიტყვებიც კი არ გააჩნიათ. 1971 წელს, ვიეტნამის ამბების შემდეგ ეს ყველაფერი განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო.

თუმცა, მთელი ამ ამბის ფონზე ერთი პრობლემა ჩანდა – ტომის მჭიდრო კავშირი ელიზალდესთან. ტომის აღმოჩენის მომენტიდან პოლიტიკოსმა თავი მათ მფარველად დაინიშნა და მკაცრად აკონტროლებდა ამ ხალხის კონტაქტს სამყაროსთან.

ელიზალდე სადავო ფიგურა იყო – მდიდარი კაცი მრავალი ბიზნესინტერესითა და მაღალი პოლიტიკური ამბიციებით, რომელიც საკუთარ თავს ეთნიკური უმცირესობების დამცველად ასაღებდა. როდესაც მან დაარწმუნა პრეზიდენტი მარკოსი, ტომის საცხოვრებელი – ტროპიკული ტყე – დაცულ ნაკრძალად გამოეცხადებინა, ხალხს გაუჩნდა ეჭვი, რომ ელიზალდეს ინტერესს ტომის მიმართ ეგოისტური მოტივები ჰქონდა. 1976 წელს მარკოსმა გამოსცა ბრძანებულება „ტასადაის და სხვა შეუსწავლელი კულტურული თემების არასანქცირებული შესვლისგან დაცვის“ შესახებ და ტომთან წვდომა საერთოდ შეწყდა. ტასადაი მხედველობიდან გაქრა.

1986 წელს მარკოსის მთავრობა დაემხო. ამით ისარგებლეს შვეიცარიელმა ჟურნალისტმა, ოსვალდ იტენმა და ფილიპინელმა რეპორტიორმა, ჯოი ლოზანომ, რათა ჯუნგლებში შესულიყვნენ და გაერკვიათ, რა დაემართა ტასადაის. ის, რაც იტენმა აღმოაჩინა, ნამდვილად განსაცვიფრებელი იყო. მან დაინახა, რომ გამოქვაბულები ცარიელი იყო და ხალხი იქვე, ქოხებში ცხოვრობდა. ისინი ჯინსებსა და მაისურებში იყვნენ გამოწყობილნი და უბრალო, მაგრამ არა პრიმიტიულ ცხოვრებას ეწეოდნენ. ტასადაიმ აღიარა, რომ სწორედ ელიზალდემ აიძულა ისინი, გამოქვაბულებში გადასულიყვნენ, ჩვეულებრივი ტანსაცმელი ფოთლებში გაეცვალათ და ამის სანაცვლოდ ფულს და უსაფრთხოებას დაჰპირდა.

იტენის აღმოჩენამ შოკში ჩააგდო მსოფლიო. მისი წასვლიდან რამდენიმე დღეში გერმანელი ჟურნალისტების ჯგუფმაც გადაწყვიტა ტომის მონახულება. მათ გამოქვაბულებში ფოთლებში გამოწყობილი ტასადაი იპოვეს, მაგრამ უფრო დაკვირვებული შემოწმების შემდეგ გერმანელებმა შენიშნეს, რომ ფოთლების ქვეშ ტანსაცმელი ჩანდა. ეს ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს, ტომმა გადაწყვიტა, თამაში გაეგრძელებინა.

თაღლითობის მტკიცებულებების ძიებისას მკვლევრებმა გააცნობიერეს, რომ ამ ისტორიაში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა იყო. მაგალითად, ძნელი დასაჯერებელია მსგავსი იზოლირების ფაქტი, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც მეზობელი სოფლიდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი აშორებდათ. ასევე, გასაკვირი იყო ისიც, იზოლირებული ადამიანები როგორ უმკლავდებოდნენ თანამედროვე დაავადებებს.

ასეთი მტკიცებულებებითა და თავად ტასადაის აღიარებით შეიარაღებულმა მედიამ ჩათვალა, რომ საკითხი მოგვარებული იყო. ტასადაი მისტიფიკაციად გამოცხადდა. მარკოსის დამხობის მიუხედავად, ელიზალდე კვლავ ცდილობდა საუთარი გავლენის გამტკიცებას ტომის მხარდამჭერი კამპანიის ორგანიზებით.

ამან სამეცნიერო სამყაროზეც მოახდინა გავლენა. მაგალითად, ლინგვისტი ლოურენს რიდი, ჰავაის უნივერსიტეტის მკვლევარი, დაახლოებით, ათი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ტასადაის ტომთან. რიდმა დაადგინა, რომ ტასადაი დამოუკიდებლად ცხოვრობდა ტროპიკულ ტყეში, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ 150 წლის განმავლობაში. 1950-იან წლებში ისინი მეზობელ ტომებს დაუკავშირდნენ და ამ კონტაქტის საშუალებით, ფოლადის იარაღები იყიდეს, ასევე გარკვეული სამეურნეო უნარებიც შეიძინეს. მოკლედ, როდესაც მსოფლიომ ისინი 1971 წელს აღმოაჩინა, მაშინ ნამდვილად არ იყვნენ ისეთი იზოლირებულები, როგორც თავიდან აცხადებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები