მებრძოლი დათვის, ვოიტეკის ისტორია
მონტე-კასინოს მახლობლად ბრძოლების სერია ისტორიაში შევიდა, როგორც მოკავშირეთა ძალების ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ოპერაცია. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო პოლონეთის „ანდერსის არმიის“ მეორე კორპუსმა. პირველ ყოვლისა, ჯარისკაცების თავდადების წყალობით, რომელთა მესამედიც ბრძოლის ველზე დაიღუპა, მეორე რიგში კი, იმიტომ, რომ მათ მხარეს ნამდვილი დათვი იბრძოდა.
ეს, რა თქმა უნდა, არ არის საომარ მოქმედებებში ცხოველების მონაწილეობის ერთადერთი შემთხვევა. ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ, ამა თუ იმ გზით გამოეყენებინათ ცხოველები, თუმცა მებრძოლი დათვის, ვოიტეკის ისტორია მაინც განსაკუთრებულია.
პოლონელმა ჯარისკაცებმა დათვის ბელი ერაყში იპოვეს. კონსერვის ქილა, ჯიბის დანა და რამდენი შოკოლადის ფილა – აი, რა ფასი დაასახელა ჯერ კიდევ უსახელო ბელის პატრონმა ბიჭუნამ. ბელი იმდენად პატარა იყო, რომ საკვების დაღეჭვაც არ შეეძლო, ამიტომ, პოლონელები მას ბოთლიდან აჭმევდნენ.
რამდენიმე წლის განმავლობაში, ვოიტეკი კორპუსთან ერთად მოგზაურობდა. ირანი, პალესტინა, ჩრდილოეთ აფრიკა და ბოლოს – იტალია. „ანდერსის“ ჯარისკაცები გამბედაობით გამოირჩეოდნენ, ამიტომ მათთვის ბრძოლის წინა რიგებში ადგილი ყოველთვის მოიძებნებოდა.
პირველად ვოიტეკმა თავი პალესტინაში გამოიჩინა – ორი დივერსანტის ადგილზე, რომელიც ყარაულმა ვერ შეამჩნია, დათვმა მხოლოდ სისხლის კვალი დატოვა. გარკვეული დროის მანძილზე ვოიტეკის „ახლობლებსაც“ კი ეშინოდათ, მაგრამ დათვი თავისი „დანაყოფის“ წევრების მიმართ აგრესიული არასდროს ყოფილა.
ვოიტეკი გონებამახვილობით და მოხერხებულობით გამოირჩეოდა. ჯარისკაცები მას თანასწორ მებრძოლად აღიქვამდნენ. დათვმა სამხედრო სალამის მიცემაც კი ისწავლა.
ისევე, როგორც დანაყოფის სხვა წევრებს, ვოიტეკს უყვარდა ლუდი, ტკბილეულობა და საღეჭი თამბაქო. დათვი, რომელიც ოფიციალურად იქნა მიღებული პოლონეთის არმიაში, გადაურჩა როგორც იტალიაში ბრძოლას, ასევე 78-ე ბრიტანული დივიზიის რთულ ოპერაციას. ეს ბრძოლა ვოიტეკისთვის დიდების საათად იქცა.
22-ე ასეულის ჯარისკაცები მთაში ჩარჩნენ. გერმანიის ჯარების ელიტარულმა ნაწილებმა ფერდობებზე თხრილები გააკეთეს და მოწინააღმდეგეებთან გამკლავებაც მოახერხეს.
ბრძოლის მესამე დღეს მეორე დივიზიის ჯარისკაცების მონდომება დაეცა. არ იყო საკმარისი ხალხი არც თავდასხმებისთვის, არც მეთაურობისთვის და არც მუშახელისთვის – საბრძოლო მასალის დროულად მოსაწოდებლად. რაღაც მომენტში ჭკვიანი დათვი მანქანასთან მივიდა და თათები ასწია. ჯარისკაცმა ხუმრობით გადასცა ჭურვის ყუთი, ცხოველმა კი, ის აიღო და საარტილერიო ეკიპაჟთან მიიტანა.
შემდეგ დათვი კიდევ ერთხელ დაბრუნდა. ცხადია, მარტო ვოიტეკი ვერ უზრუნველყოფდა მთელი დანაყოფის იარაღით მომარაგებას, მაგრამ ამის გაკეთება სხვებმაც შეძლეს. მოულოდნელად, ყველას ძალა და შთაგონება შეემატა. იმავე დღის საღამოს ფერდობზე პოლონეთის დროშა აფრიალდა. ვოიტეკი, ხელებში ჭურვებით, საარტილერიო დანაყოფის სიმბოლო გახდა.
დათვმა მთელი ომი გამოიარა და მხოლოდ ერთი ნაკაწრი ჰქონდა. დაიღუპა დიდი ასაკში, ზოოპარკის საავადმყოფოს საწოლზე, ედინბურგში.