რა ხდება საბერძნეთის საზღვარზე?

  მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საბერძნეთის საზღვარზე, გერმანელმა მესაზღვრეებმა თბილისიდან ათენში მიმავალი 4 ტონა ტვირთით დატვირთული ავტობუსი გააჩერეს და მძღოლი დააჯარიმეს, საბერძნეთში საქართველოს საელჩო არ ფლობს.
როგორც „კვირას“ ელჩმა დავით ბაქრაძემ განუცხადა, მათთვის ოფიციალურად საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუმართავს. თუმცა, 4 ტონა ტვირთის შესახებ ინფორმაცია, მან ქართული მედიასაშუალებით შეიტყო. აღსანიშნავია, რომ გაზეთმა „ვერსიამ“ სათაურით – „საბერძნეთში ამანათს ავტობუსით ვეღარ გაგზავნით“ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
სტატიის მიხედვით: „საბერძნეთის საზღვარზე, გერმანელმა მესაზღვრეებმა თბილისიდან ათენში მიმავალი ავტობუსი გააჩერეს, მძღოლი დააჯარიმეს, რადგან 4 ტონა ამანათით იყო დატვირთული. რა ბედი ეწია საქართველოდან გაგზავნილ ამანათებს, ჯერჯერობით, უცნობია. ფაქტია, რომ საბერძნეთმა კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადა და ამ მიზნით, ბერძენი მესაზღვრეები გერმანელმა კოლეგებმა ჩააანაცვლეს, რომლებმაც კონტროლის მექანიზმები გაამკაცრეს. ამან ემიგრანტების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან თითეული მათგანი ოჯახიდან გაგზავნილ ტვირთს ელის და ისიც კი არ იცის, მიიღებს თუ არა კუთვნილ ამანათს. “, – წერს გამოცემა. „საელჩოსთვის და საკონსულოსთვის დასახმარებლად არავის მიუმართავს. როგორც კი ოფიციალურად მოგვმართავენ, მოხდება მყისიერი რეაგირება. რაც შეეეხება კონკრეტულ ფაქტს, რომ რაიმე ტვირთია გაჩერებული, ჩვენთვის უცნობია, რომელ საბაჟოზეა გაჩერებული, ან ვის ეკუთვნის ეს ტვირთი, ჩვენთვის დასახმარებლად არავის მოუმართავს“,- განუცხადა „კვირას“ დავით ბაქრაძემ. საბერძნეთში საქართველოს ელჩი „კვირასთან“ საუბრისას ასევე აღნიშნავს, რომ ტვირთების გადაზიდვა ავტობუსით ადრეც იყო აკრძალული.
„რაც შეეეხება რეგულაციის საკითხს, ჩვენთვის ცნობილი არ არის და ვერც იქნებოდა ცნობილი. რეგულაცია ავტობუსით ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით აქამდეც აკრძალული იყო. ავტობუსით ტვირთის გადაზიდვა მხოლოდ და მხოლოდ მათ შეეძლოთ, ვინც ავტობუსით მგზავრობდა და მათ კუთვნილი ბარგი გადაჰქონდათ. არსებობს კომპანიები, რომლებიც ტვირთის გადაზიდვაზე მოქმედებენ. რაც შეეხება საბერძნეთის საზღვარის გერმანელი მესაზღვრეების მხრიდან გაკონტროლებას, კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ჩემთვის ცნობილი არ არის “,- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
“ვერსიის” ინფორმაციით, კერძო გადამზიდავებმა 1 კგ ამანათის ღირებულება გააძვირეს. თუ აქამდე 2.00 ევროს იღებდნენ, ახლა ეს ღირებულება 7 ლარამდე გაიზრდება. თუმცა საქართველოს ფოსტის მომსახურება გაცილებით ძვირია და 1კგ ტვირთი 15 ლარამდე ჯდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები