ლევან კობიაშვილი: წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა ხორციელდება ჩვენს ფეხბურთელებზე, რომლებმაც, ისტორიაში პირველად, საქართველოს დროშა უნდა ჩაიტანონ ევროპის შუაგულში
წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა ხორციელდება ჩვენს ფეხბურთელებზე, რომლებმაც, ისტორიაში პირველად, საქართველოს დროშა უნდა ჩაიტანონ ევროპის შუაგულში, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ნაკრების ფეხბურთელები საქართველოს წარმოადგენენ, მათთვის შეურაცხყოფის მიყენება კი ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის შეურაცხყოფაა.
„წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, თავდასხმა და შეურაცხყოფა ხორციელდება ჩვენს ბიჭებზე, ფეხბურთელებზე, იმ ადამიანებზე, რომლებმაც სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, პირველად ისტორიაში, სრულიად დამსახურებულად და ღირსეულად საქართველოს დროშა უნდა ჩაიტანონ ევროპის შუაგულში, გერმანიაში და წარადგინონ ჩვენი ქვეყანა.
უპირველესად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები და ნაკრების ფეხბურთელები წარმოადგენენ საქართველოს, ქართველ ხალხს და მათთვის შეურაცხყოფის მიყენება ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის შეურაცხყოფაა.
დაიწყო თუ არა აქტუალური პროცესები, მივმართე საზოგადოებას, რომ ფეხბურთელები დაგვეცვა ამ პროცესებში ჩართვისგან, რადგან სპორტსმენებს ჩვენი ქვეყნისთვის ბევრად დიდი მისია აკისრიათ, ვიდრე ვინმეს სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირება შეიძლება იყოს. მიუხედავად ამისა, არ წყდება მათზე თავდასხმები. დღესაც, სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში ვხედავთ და კიდევ ერთხელ დასტურდება, კონკრეტული მავნებელი ოპოზიციური ლიდერების მიერ განხორციელებული გაუგონარი თავდასხმები და შეურაცხყოფის დონე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და ფეხბურთელების მიმართ. განსაკუთრებით აქტიურობენ და ამ პროცესებს სრულად მართავენ ისინი, ვისაც რეალურად არც ფეხბურთი აინტერესებს და არც საქართველოს გამარჯვება.
ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების წინ, როდესაც ჩვენი საამაყო ბიჭები ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, მათთვის განკუთვნილ მოედნებს და სტადიონების ანგრევდნენ, ყიდდნენ და ფეხბურთელებს პროფესიულ მომავალს, ჩვენს ქვეყანას კი ქართულ სპორტს უნადგურებდნენ. ეს ის ადამიანები არიან 26 მარტის წარმატების შემდეგ, სხვადასხვა ეთერებში ნაკრების მაისურით, რომ გამოგვეცხადდნენ და საუბრობდნენ ამ დიდ წარმატებაზე, თითქოს უხაროდათ. არადა გულწრფელად მჯერა, რომ შინაგანად მოწინააღმდეგე გუნდების მაისურები ეცვათ.
ეს ის ადამიანები არიან, ვინც დღეს ფეხბურთელებს ლანძღავს და ცდილობს გამოიყენოს საკუთარი მიზნებისთვის. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც როგორც ადრე, ახლაც ცდილობენ ერთიანობის და გუნდურობის დანგრევას. ფეხბურთელების დაშორიშორებას და დაყოფას, ისევ ისე, როგორ ამას წარმატებით აკეთებდნენ წლების წინაც, იმიტომ, რომ
მათ ფეხბურთი და ქვეყანა არ ადარდებთ. მხოლოდ პირადი პარტიული ინტერესებია მათი მამოძრავებელი ძალა. მზად არიან სწორედ ამ პირად ინტერესებს შესწირონ ფეხბურთიც და ქვეყანაც.
ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ფარისევლობაა თქვენი საქციელი, რადგან მთელი თქვენი არსებობის მანძილზე გამიზნულად ანგრევდით, ანადგურებდით და ქართული ფეხბურთის ღიად დასამარებას მოითხოვდით. მინდა, იცოდეს მოსახლეობამ, ყველა მოედნის აღდგენაზე ცალკე ომი გადამქონდა. მაშინ, როცა ხელისუფლება მაქსიმალურად ეხმარებოდა სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას, ამ დროს ყველაზე დიდ წინააღმდეგობას სწორედ ეს ადამიანები, მათ მიერ მოგზავნილი აქტივისტები გვიწევდნენ.
ყველა გზით ებრძოდნენ ფეხბურთის განვითარებას. იმავეს აკეთებენ დღესაც. წლები დაგვჭირდა და უამრავი ძალისხმევა იმისათვის, რომ მოვსულიყავით აქ სადაც ვართ დღეს. საძირკვლიდან მოგვიწია მშენებლობის დაწყება, რომ აქამდე მიგვეღწია. სულ რამდენიმე კვირაში ამ ახალგაზრდა ბიჭებს წინ ევროპის ჩემპიონატი ელით, სადაც, როგორც აქამდეც არაერთხელ დაამტკიცეს, თავს არ დაზოგავენ, რომ ჩვენი ქვეყანა ასახელონ.
მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არათუ ოდესმე მიკადრებია ფეხბურთელებისთვის და პირველ რიგში ჩემი თავისთვის ფეხბურთელების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში, არამედ ყოველთვის ვცდილობ მათ დაცვას ყველა გარე ზეგავლენისგან. ასე იყო და ესე იქნება მუდამ. დღეს, როცა ან “ჩემიანი ხარ, თუ არადა მოსისხლე მტერი ხარ” მიდგომა ბობოქრობს, მათი განრიდება ამ პროცესებიდან იქნებოდა შანსი იმისა, რომ დავიტოვოთ ერთიანობისთვის პატარა სივრცე, თუნდაც საფეხბურთო მოედანი, შუაგულ ევროპაში, სადაც შევძლებთ ყველამ ერთად, მიუხედავად ყველაფრისა მთელი გულით ვუგულშემატკივროთ ჩვენს ქვეყანას, რომელიც ამ ბიჭებმა უნდა წარმოადგინონ. იქნებ შევძლოთ, ერთხელ მაინც, მიუხედავად ჩვენი ფეთქებადი ქართული ხასიათისა, არ დავკარგოთ საღი აზრი და მივცეთ საშუალება ამ ადამიანებს კონცენტრირდნენ საკუთარ საქმეზე.
მინდა, მოვუწოდო ყველას, პატივი ეცით ყველა ფეხბურთელს. მორჩით მათ შეურაცხყოფას. დამიჯერეთ, როგორც პროფესიონალმა ფეხბურთელმა ვიცი, რომ ფიზიკურ მზაობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მენტალური მზაობა ასეთი მნიშვნელოვანი თამაშებისთვის. აცადეთ ბიჭებს კონცენტრირდნენ საქვეყნო საქმეზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პოლიტიკაში ჩართულ იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოების გახლეჩას, პოლარიზაციის გაღრმავებას და პროცესების რადიკალიზაციას ცდილობს, მოვუწოდებ, გონს მოეგონ და არ გაბედონ შეეხონ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს. კიდევ ერთხელ, კატეგორიულად მოვუწოდებ პოლიტიკურ ჯგუფებს, ნუ მისცემენ თავს უფლებას, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საკუთარი, ვიწროპარტიული ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება სცადონ.
სულ რამდენიმე კვირაში ჩვენ, ჩვენი გუნდი, ჩვენი ბიჭები ღირსეულად და დამსახურებულად აღვმართავთ საქართველოს დროშას ევროპაში, ევროპის ჩემპიონატზე. ზუსტად ასე ღირსეულად და დამსახურებულად გაივლის ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სავალ გზას“, – წერს ლევან კობიაშვილი.