ზღვისპირა ქალაქ ქობულეთში დაიბადა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განხრით დაამთავრა. ბავშვობიდან იზიდავდა ხელოვნება, ხატვა კი პანდემიის დროს დაიწყო.
ამბობს, რომ ძალიან ემოციური და მეოცნებეა. ხატვა კი – მისი მთელი შინაგანი სამყარო. საბავშვო ნახატების შთაგონების წყარო, ძირითადად, მისი ბავშვობის მოგონებები და შვილები არიან. – ია ნაკაიძის პერსონა.
– ბავშვობიდან გიზიდავდათ ხელოვნება…
– ზღვისპირა პატარა ქალაქში – ქობულეთში დავიბადე. ჩემი ბავშვობა ძალიან ფერადი, ლაღი და საინტერესო იყო. მეგობრებთან ერთად, ხშირად დავდიოდი ლაშქრობებში, ბანაკებში, რამაც სამომავლოდ დიდი გავლენა მოახდინა ჩემი ნახატების შექმნაზე.ბავშვობიდან ვიყავი შეყვარებული ხელოვნებაზე, ყველა „ფერს“, საგანს თუ ადამიანს, ჩემებურად ვხედავდი და აღვიქვამდი. სულ მინდოდა, ეს „ჩემებური“ ვინმეს დაენახა, მაგრამ მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, როგორ უნდა მეჩვენებინა სხვისთვის.
– საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით დაამთავრეთ უნივერსიტეტი…
– იმ პერიოდში იმდენად ვიყავი ორიენტირებული არჩეული პროფესიის წარმატებით დაუფლებაზე, რომ არ მიფიქრია, ხატვას თუ დავიწყებდი.
– ხატვა პანდემიის დროს დაიწყეთ… პირველი ნახატები?
– გადატვირთული რეჟიმისა და რიტმის მიუხედავად, სულ რაღაც უკმარისობის განცდა მქონდა. პანდემიის პერიოდმა კიდევ უფრო მეტად დამაფიქრა, რით შემეძლო ჩემი ემოციები გარეთ გადმომეტანა. ერთ დღეს ფუნჯი ავიღე და დავხატე. მივხვდი, რომ ეს იყო ის, რასაც სულ ვეძებდი. ასე შეიქმნა ჩემი პირველი – შემოდგომის პეიზაჟი.
– უთბილესია საბავშვო ნახატები და ავტორისეული სტილით გამოირჩევა. ვინ არიან მათი პროტოტიპები? როგორ იქმნება ეს სერია?
– ამ ნამუშევრების შექმნის შთაგონების წყარო, ძირითადად, ჩემი ბავშვობის მოგონებები და ჩემი შვილები არიან, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა ქუჩაში, პარკში შემიმჩნევია ბავშვები საინტერესო მოძრაობაში, მოვსულვარ სახლში და დამიხატავს.– პეიზაჟები, ბალერინები, ნატურმორტები, ქალაქის სურათები – ყველას თავისებური რომანტიკული განწყობა მოაქვს… თუნდაც ნახატს – ტრამვაი ტყეში…
– ძალიან ემოციური და მეოცნებე ვარ, ვხატავ იმას, რასაც ვგრძნობ, ვხედავ და შიგნით მაქვს. ყველა ნახატი იმ დროს და იმ მომენტში დავხატე, როცა ამის გარეთ გამოტანა ძალიან მჭირდებოდა. ამიტომ ძალიან გამიჭირდება რომელიმეს გამორჩევა. ყველა ძვირფასი და ღირებულია ჩემთვის. ეს ჩემი ემოციაა.
– რა მასალას იყენებთ მუშაობისას?
– უფრო ხშირად – აკრილის საღებავებს, თუმცა აკვარელი და პასტელიც ძალიან მომწონს.
– შთაგონება…
– რა თქმა უნდა, პირველ რიგში მჭირდება შთაგონების წყარო და განწყობა. უამისოდ არაფერი გამომივა. ზოგჯერ ჟინივით წამომივლის ხოლმე ხატვის სურვილი, მნიშვნელობა არ აქვს დროს და გარემოებას, ვდგები და ვიწყებ. ზოგჯერ ნაკლები დრო მჭირდება ნამუშევრის დასასრულებლად, რადგან უკვე ვიცი, რაც უნდა იყოს, მაგრამ არის ნახატები, რამდენიმე დღეც კი დამჭირვებია დასასრულებლად, რადგან გზადაგზა ვფიქრობ და არ ვიცი, საბოლოოდ როგორი უნდა იყოს.
ხატვის გარდა, ასევე, ძალიან მიყვარს კითხვა, მუსიკა, სეირნობა.
– ჰობი…
– ხატვა ჩემთვის ემოცია, ბედნიერება და სიხარულია. ჰაერივით არის, სულ რომ გჭირდება.
– როგორ უთავსებთ ერთმანეთს მუშაობას და ხატვას?
– ხატვას ძირითადად გვიან ღამით ვიწყებ, როცა მარტო ვრჩები და ყველა იძინებს. ხშირად დამთენებია კიდეც, მაგრამ ეს ისეთი ენერგიაა, უიმისოდ მუშაობასაც რომ ვერ შევძლებდი.
– ოჯახი… სამი შვილი გყავთ.
– რომ არა ჩემი ოჯახი და შვილები, ალბათ ვერც ჩემი ნახატები იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. პირველი შემფასებლები არიან ჩემი ოჯახის წევრები. მათი ემოციები ისეთი გადამდებია, კიდევ უფრო საინტერესო ნამუშევრების დაწყების შთაგონების წყარო ხდება.
– სამომავლო გეგმები…
– წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, რადგან არასდროს ვიცი, რა იქნება ხვალ.
თამარ შაიშმელაშვილი