როგორ ამოიჭრა ექიმმა საკუთარი აპენდიქსი
ჩვეულებრივ, როდესაც მკვლევრები გრძელ მოგზაურობებში მიდიან, მათ ექიმიც მიყვება, რათა საჭიროების შემთხვევაში, დახმარების გაწევა შეძლოს. 1961 წლის ანტარქტიდის ექსპედიციის ერთ-ერთ მონაწილეს მოულოდნელად მარჯვენა მხარეს მუცლის ტკივილი, ცხელება და ღებინება დაეწყო. ეჭვგარეშე იყო, რომ საქმე აპენდიციტთან ჰქონდათ, მაგრამ ბედის ირონია იმაში მდგომარეობდა, რომ პაციენტი ექსპედიციის ის ერთადერთი ექიმი გახლდათ.
29 აპრილის საღამოს ქირურგმა ლეონიდ როგოზოვმა აპენდიციტის ყველა ნიშანი აღმოაჩინა. ის ცდილობდა, ტკივილი სხვადასხვა მეთოდით შეემსუბუქებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. უამინდობის გამო, მისი სამედიცინო დაწესებულამდე გადაყვანა შეუძლებელი იყო, ამიტომ ლეონიდმა მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება – ოპერაცია საკუთარი თავისთვის თავად გაეკეთებინა.
მისი თანაშემწეები იყვნენ მეტეოროლოგი, მექანიკოსი და სადგურის მენეჯერი, რომელთაც ოპერაციების შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდათ. ლეონიდი ცდილობდა, შეეგულიანებინა თანამებრძოლები, რომლებსაც შექმნილი ვითარების გამო, თვალები გაფართოებოდათ.
ქირურგმა ოპერაცია ხელთათმანების გარეშე ჩაატარა. საქმეს ის ართულებდა, რომ მამაკაცი სურათს მხოლოდ სარკიდან ხედავდა, შესაბამისად, ყველაფერი პირიქით უნდა გაეკეთებინა. ოპერაცია 1 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. დაწყებიდან ნახევარ საათში ექიმმა 4-5 წუთში ერთხელ შესვენება დაიწყო. ლეონიდი უკრძალავდა საკუთარ თავს ფიქრს იმაზე, თუ რა მოხდებოდა წარუმატებლობის შემთხვევაში და მუშაობას აგრძელებდა
მან ყველაფერი კარგად გააკეთა: ამოიჭრა აპენდიქსი, გაიკეთა ანტიბიოტიკი და ჭრილობა გაიკერა. რამდენიმე დღის შემდეგ ტემპერატურა დასტაბილურდა, ახალგაზრდა ექიმმა თავი უკეთ იგრძნო და ნაკერებიც მოიხსნა.
ეს სამედიცინო პრაქტიკაში ერთადერთი შემთხვევა გახდა, როდესაც ადამიანმა საკუთარი აპენდიქსი ამოიჭრა.