როგორ უნდა მოიპოვოთ სახელმწიფო დაფინანსება საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად  – განათლების საერთაშორისო ცენტრში სახელმწიფო საგრანტო პროგრამებზე რეგისტრაცია გამოცხადდა – ინტერვიუ ნუნუ მიცკევიჩთან

საქართველოში სულ უფრო მეტი ახალგაზრდა გამოთქვამს სურვილს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ განაგრძოს სწავლის პროცესი. ბევრი მათგანი წარმატებით აბარებს გამოცდებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, თუმცა, უცხოეთში განათლების მიღება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, იქნება ეს სწავლის საფასური თუ საყოფაცხოვრებო ხარჯი, რის საშუალებაც შესაძლოა, ბევრ მათგანს არ ჰქონდეს.

სწორედ ასეთ ვითარებაში, უცხოეთში სწავლის გაგრძელებით დაინტერესებულმა ახალგაზრდამ განათლების საერთაშორისო ცენტრს უნდა მიმართოს, რომელიც 14 სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამას ახორციელებს.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში სახელმწიფო საგრანტო პროგრამებზე 2024-2025 წლისთვის რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს. ელექტრონული განაცხადის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 1-ელ მაისამდეა შესაძლებელი, ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე https://app.iec.gov.ge/ ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში.

უფრო დეტალურად, ცენტრის მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე, პროგრამების შესახებ, „კვირას“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ნუნუ მიცკევიჩი ესაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრის მთავარი მიზანი, მისი შექმნის დღიდან, ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებაა და ხელშეწყობა იმისათვის, რომ უცხოეთში განათლებამიღებული ადამიანები საკუთარ სამშობლოში დაბრუნდნენ და შეძენილი ცოდნა საქართველოს საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობას მოახმარონ.

„განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს პროგრამის სახით წარდგა, რომლის მთავარი მიზანი იყო განათლების ინტერნაციონალიზაცია და საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობა. პროგრამა 2015 წლიდან უფრო გაფართოვდა და დღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სახით ფუნქციონირებს.

საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობა თავის თავში გულისხმობს ამ მიღებული ცოდნის  დაბრუნებას ქვეყანაში.

სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში, მოქცეულია უმაღლესი განათლების ორი საფეხური: სამაგისტრო და სადოქტორო, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურებში უკვე დასაქმებული პირების პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება.

რომ შევაჯამოთ, ცენტრის მთავარი მიზანია ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარება, რათა ეს ადამიანები დაბრუნდნენ ჩვენს ქვეყანაში და, თავიანთი ცოდნით, ხელი შეუწყონ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ და საზოგადოებრივ კეთილდღეობას“, – აღნიშნა ნუნუ მიცკევიჩმა.

2014-2023 წლებში უცხოეთში სწავლის მიზნით სტუდენტებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილმა დაფინანსებამ, ჯამურად, 42 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. 2014 წლიდან დღემდე, ცენტრს 1450-მდე სტიპენდიატი ჰყავს. მხოლოდ გასულ წელს, ცენტრმა 196 სტიპენდია გასცა.

როგორც ნუნუ მიცკევიჩი აღნიშნავს, განათლების საერთაშორისო ცენტრი პრიორიტეტულ მიმართულებებს სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლობით ყოველწლიურად ადგენს.

„სამაგისტრო საფეხური ყველაზე პოპულარული პროგრამაა და აქ ყოველთვის მაღალი მოთხოვნაა.  მოგეხსენებათ, საბაკალავრო საფეხური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურად მიიჩნევა და ზოგად კურსს წარმოადგენს. ამიტომ, ვიწრო სპეციალიზაციისა და შემდგომი კვალიფიკაციის მისაღებად მნიშვნელოვანია მაგისტრატურის საფეხურის გავლა.

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ აგრარულ, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკის მიმართულებებზე. თუმცა, ასევე პოპულარული რჩება სამართალმცოდნეობა, სოციალური მეცნიერებები, ფინანსები, მარკეტინგი და მენეჯმენტი.

ჩვენთან არ ხდება სახელმწიფო გრანტის გაცემა მედიცინის ფაკულტეტზე, თუმცა, ფინანსდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანდაცვის ადმინისტრირების და ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებები“, – განმარტავს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

2024-2025 წლის სახელმწიფო საგრანტო პროგრამაში სამაგისტრო საფეხურზე   ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ახალი ქვეპროგრამაა –უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების განვითარებისთვი“, რომელიც საქართველოს რეგიონებში განათლების ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერისა და კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის მოზიდვის მიზნით ხორციელდება. როგორც ნუნუ მიცკევიჩი განმარტავს, ამ ქვეპროგრამის მთავარი მიზანია, რომ ახალგაზრდები, რომლებიც უცხოეთში შესაბამის განათლებას მიიღებენ, საქართველოს რეგიონებში დასაქმდნენ და მათ განვითარებას შეუწყონ ხელი.

„წლევანდელ პროგრამაში სიახლე გვაქვს ის, რომ რეგიონების განვითარების  მხარდასაჭერად ცალკე, განსხვავებული სქემა ამოქმედდა. უფრო დეტალურად რომ განგიმარტოთ, ნებისმიერ მსურველს, ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, შეუძლია – შემოიტანოს განაცხადი აღნიშნულ ქვეპროგრამაზე იმ პირობით, რომ, სწავლის დასრულების შემდეგ, ის კონკრეტულ რეგიონში დაბრუნდება და იქ გააგრძელებს მუშაობას. ამ შემთხვევაში, მას აუცილებლად სჭირდება რეკომენდატორი ამ რეგიონიდან, რომელიც შემდგომში მის პოტენციურ დამსაქმებლად განიხილება. დაბრუნების პირობა იგივეა, რაც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სხვა პროგრამების შემთხვევაში – კურსდამთავრებული 1 თვის ვადაში უნდა დაბრუნდეს საქართველოში და მომდევნო 5 წლის განმავლობაში –  ჯამურად 3 წელი, მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად იმუშაოს.   

რეგიონების განვითარების კუთხით, ჩვენ ვხედავთ ამ საჭიროებას, რომ მაღალკვალიფიციური და შესაბამისი განათლების მქონე ადამიანები რეგიონებში დასაქმდნენ და საკუთარი ცოდნა გააზიარონ, იქნება ეს საგანმანათლებლო დაწესებულება, თვითმმართველობა თუ სხვა პროფილის ორგანიზაცია. და სწორედ ამისთვის, სახელმწიფოს მხრიდან მათ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ექნებათ“, – აღნიშნავს ნუნუ მიცკევიჩი.

როგორ უნდა ისარგებლონ დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამებით და როგორია კონკურსის პირობები – როგორც ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, ერთ-ერთი მთავარი კონკურსანტის მოტივაციაა, რომელიც წერილობით უნდა იქნეს წარმოდგენილი და შემდგომ, კომისიასთან გასაუბრების დროს დაზუსტებული, თუ რატომ უნდა ჩადოს სახელმწიფომ ინვესტიცია მის განათლებაში და როგორ შეძლებს მიღებული ცოდნის რეალიზებას ქვეყნის განვითარებისთვის.

„პროგრამის მონაწილეთა შერჩევა კონკურსის წესით ხდება,  შეჯიბრებითობისა და სამართლიანობის პრინციპით. განაცხადების ელექტრონული რეგისტრაცია ცენტრის  ვებგვერდზე ჩაშენებულ ბაზაში მიმდინარეობს.

პირველი პირობა, რასაც კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს, მაღალი აკადემიური მოსწრებაა –  „ჯი პი ეი” უნდა იყოს მინიმუმ 3.0. ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამოტივაციო წერილს, სადაც აპლიკანტი წარმოაჩენს, თუ რატომ უნდა ჩადოს ქვეყანამ მის განათლებაში ინვესტიცია, რა სიკეთეს მოუტანს მისი სპეციალიზაცია საქართველოს და, ასევე, არის თუ არა მზად, რომ ახალი ცოდნა, საჭიროების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში გააზიაროს.

კონკურსის პირველი ეტაპი სრულიად დახურულია, ანუ არ ხდება კონკურსანტის იდენტიფიცირება და კომისია მის შეფასებას ქულებით, სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ახდენს. კონკურსის შემდგომი ეტაპი კი აპლიკანტებთან უკვე პირისპირ გასაუბრებებს მოიცავს. საბოლოოდ, დგება კონკურსანტთა რეიტინგული სია და გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

ჩვენ არ გვაქვს განსაზღვრული კონკრეტული რაოდენობა, თუ რამდენი კონკურსანტი უნდა დაფინანსდეს ყოველწლიურად. ეს დამოკიდებულია განაცხადებზე, ასევე, სწავლის საფასურსა და საყოფაცხოვრებო ხარჯზე, რომელიც ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია.

იმის გამო, რომ წლიდან წლამდე ჩვენთან შემოსული ნაკადი უფრო და უფრო მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა და მათ მოაქვთ უკვე უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან თანადაფინანსების დიდი წილი – ხშირად ისეც ხდება, რომ მოპოვებული აქვთ სწავლის 100-პროცენტიანი დაფინანსება და ითხოვენ მხოლოდ საყოფაცხოვრებო ხარჯებს –  ეს იმის სასიკეთო წინაპირობაა, რომ უფრო მეტ კონკურსანტს ჰყოფნის ჩვენი ბიუჯეტი. შესაბამისად, სტიპენდიების მზარდი რიცხვი ასევე განპირობებულია ახალგაზრდების მაღალი აკადემიური წარმატებით“, – განმარტა მიცკევიჩმა.

განათლების საერთაშორისო ცენტრის ცნობადობა წლიდან წლამდე იზრდება და სულ უფრო მეტ ახალგაზრდას ეძლევა შესაძლებლობა, სწავლა მისთვის სასურველ უცხოურ უნივერსიტეტებში განაგრძოს. ყოველი კონკურსის გამოცხადების დროს, ცენტრი მაქსიმალურად ავრცელებს ინფორმაციას, რათა მეტმა ახალგაზრდამ მოახერხოს პროგრამებით სარგებლობა.

„ორგანიზაციის ცნობადობა ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება. ხშირია შეკითხვები ასევე საბაკალავრო საფეხურთან დაკავშირებით. ამჟამად, ჩვენ საბაკალავრო საფეხური გვაქვს მხოლოდ უნგრეთსა და ჩინეთთან თანამშრომლობის ფარგლებში, რასაც სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებები არეგულირებს.

რაც შეეხება საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროგრამებს, როგორც აღვნიშნე, განსაკუთრებით პოპულარულია სამაგისტრო პროგრამები, სტუდენტებს შორის. კონკურსის გამოცხადების წინ, ჩვენ წერილობით შეტყობინებას ვაგზავნით უნივერსიტეტებში. ასევე, მუდმივად ჩართულია ცხელი ხაზი, კვირაში ორჯერ გვაქვს ღია კარის დღეები და, ამ დროს, ოფისი სულ სავსეა დაინტერესებული პირებით, გასაუბრებები უწყვეტად მიდის“, – განმარტავს ნუნუ მიცკევიჩი.

რაც შეეხება სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში დასაქმების ხელშეწყობას, ვინაიდან კურსდამთავრებულთა რაოდენობა სულ უფრო მზარდია, ცენტრში შეიქმნა ახალი სამსახური, რომელიც კარიერული განვითარებისა და დასაქმების მიმართულებით მუშაობს.

„მიუხედავად იმისა, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრს დასაქმების პირდაპირი ვალდებულება არ აქვს, ჩვენ კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამას ვახორციელებთ. წელს ცენტრს დაემატა ახალი სტრუქტურული ერთეულიც – შევქმენით ცენტრის სტიპენდიატთა დასაქმების ხელშეწყობისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის სამსახური. სწავლის პერიოდშიც, ჩვენ მუდმივად ვართ მათთან კომუნიკაციაში და ვისმენთ მათ მოსაზრებებს, თუ სად ხედავენ საკუთარ თავს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. მათი წარმატებისა და მიღწევების შესაბამისად, ჩვენ გავცემთ სარეკომენდაციო წერილებს. ასევე, გვაქვს თანამშრომლობის მემორანდუმები დასაქმების მხარდამჭერ სახელმწიფო და წამყვან კერძო ორგანიზაციებთან.

ამჟამად, ასევე გამოცხადებულია კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამა, რომლის მიზანია, ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ, ცენტრის კურსდამთავრებულთა ცოდნის რეალიზაციის ხელშეწყობა პროექტების განვითარების გზით.  პროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტია 150 000 ლარი, თითოეულ პროექტზე გაიცემა 35 000-დან 50 000 ლარამდე ოდენობის გრანტი“, – აღნიშნავს ნუნუ მიცკევიჩი.

2023 წელს საქართველოში 57 კურსდამთავრებული დაბრუნდა – მათ, განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, განათლება მიიღეს ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა: ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა; სტენდფორდის უნივერსიტეტი; კოლუმბიის უნივერსიტეტი; ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლა; ბირმინგემის სამეფო კონსერვატორია; ბრისტოლის უნივერსიტეტი; სტრასბურგის უნივერსიტეტი; პარიზის პოლიტექნიკური ინსტიტუტი; მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი; ბარსელონას ტექნოლოგიური სკოლა; ჰააგის ადგილობრივი თვითმმართველობის აკადემია; ვაგენინგენის კვლევითი უნივერსიტეტი და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები