თეა წულუკიანი: 2020 წელს ძალიან დიდი თანხები მოხმარდა რევოლუციის მცდელობას – მაშინ გეგმა ჩავარდა და ახლა უფრო მეტი რესურსი მობილიზდა, რომ 2024 წლის არჩევნები გამოყენებული იყოს კვლავ რევოლუციური მცდელობისთვის

ვიღებთ ამ ქართულ კანონს და უკან დახევა ნამდვილად არ იქნება იმისათვის, რომ საზოგადოებამ უბრალოდ იცოდეს, საიდან და რა მიზნით შემოდის თანხები და ვინ იყენებს ამ თანხებს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა გენერალური რეპეტიცია, ჩემს ამჟამინდელ ენაზე თუ ვიტყვი, 2020 წელს, როდესაც ძალიან დიდი თანხები მოხმარდა რევოლუციური სცენარის განხორციელების მცდელობას და ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას. როდესაც გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პირველ ყოვლისა, ISFED-მა გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები და რომ არ გაშიფრულიყო მათი სიყალბე, ამას უნდა მოჰყოლოდა დესტაბილიზაცია. ეს რეპეტიცია ჩავარდა და ახლა უფრო მეტი რესურსი მობილიზდა იმისთვის, რომ 2024 წლის არჩევნები და არჩევნების შემდგომ პერიოდი გამოყენებულიყო კვლავ რევოლუციური მცდელობისთვის.

ალბათ ბავშვსაც კი ესმის, რომ საქართველოში ყველანაირი დესტაბილიზაცია არის ძალიან დიდი ზიანის მომტანი ქვეყნის განვითარებისთვის და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისთვის, ან ხელისუფლებისთვის. შესაბამისად, ჩვენმა ხელისუფლებამ, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ იმ ქვეყანაში, რომელსაც მართავს, იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, აღარ დაუშვას მსგავსი. გამჭვირვალობის ეს ქართული კანონი, ყველა მის კომპონენტში განსხვავდება რუსული კანონისგან და აქაც [ევროპარლამენტის] რეზოლუცია ტყუის, როდესაც ამბობს, რომ რუსული კანონის მსგავს კანონპროექტს იღებენო. ვიღებთ ამ ქართულ კანონს და უკან დახევა ნამდვილად არ იქნება იმისათვის, რომ საზოგადოებამ უბრალოდ იცოდეს, საიდან და რა მიზნით შემოდის თანხები და ვინ იყენებს ამ თანხებს“, – აღნიშნა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები