დონერის ჯგუფის ტრაგიკული ისტორია – მთები, სიცივე და კანიბალიზმი

XIX საუკუნის შუა ხანებისთვის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილი მჭიდროდ იყო დასახლებული, თუმცა მიწა იქ ძვირი ღირდა, სამუშაო კი, დაბალანაზღაურებადი იყო, ამიტომაც სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეძებდა ბედნიერებას დასავლეთ ნაწილში. იქ ვრცელი ტერიტორიები ცარიელი გახლდათ, კლიმატი ხელსაყრელი და ამის გარდა, ოქროც მოიპოვებოდა. კალიფორნია სანატრელ მიწად მათთვის იქცა, ვინც ვერ იპოვა საკუთარი თავი ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. თუმცა, იქამდე გზა ადვილი გასავლელი არ იყო. ამ გზას თვეები სჭირდებოდა; უდაბნოები, მთები, ღრმა მდინარეები და არამეგობრული ინდიელები დაბრკოლებას წარმოადგენდნენ. ამიტომაც, რისკის შესამცირებლად, მოგზაურებმა ფულის სანაცვლოდ გამოცდილი გიდები დაიქირავეს.

მოკლე მარშრუტი

ერთ-ერთი, ვინც მოგზაურებისგან ფულს შოულობდა, ადვოკატი ლენდსფორტ ჰასტინგსი გახლდათ. ეს კაცი რამდენჯერმე იყო კალიფორნიაში და გამოცდილ გიდად ითვლებოდა. გარდა ამისა, მან იცოდა მარშრუტი, რომელიც 600 კმ-ით უფრო მოკლე იყო, ვიდრე სხვების მიერ შემოთავაზებული. ჰასტინგსს კარგი ავტორიტეტი ჰქონდა, ამიტომ სამმა ოჯახმა გადაწყვიტა, ესარგებლა მისი მომსახურებით: დონერებმა, მერფებმა და რიდებმა.

ჰასტინგსმა, რომელიც ღმერთს მჭევრმეტყველების ნიჭით დაეჯილდოვებინა, მოახერხა კლიენტების დარწმუნება, რომ მოგზაურობა სასიამოვნო გასეირნება იქნებოდა. მან, ასევე, თქვა, რომ რუკებზე მითითებული მთები მხოლოდ ბორცვები იყო, რომელთა გადაკვეთა ოდნავი სირთულის გარეშეც შეიძლებოდა. 1846 წლის მაისში ექსპედიცია გაემგზავრა იმ იმედით, რომ მზიან კალიფორნიას პირველ ცივ ამინდამდე მიაღწევდა. გუნდი საკმაოდ დიდი აღმოჩნდა. მასში შედიოდა 90-ზე მეტი ადამიანი, რომელთა შორის 30-ზე მეტი ჯანმრთელი, ძლიერი მამაკაცი იყო; დანარჩენი მოგზაურები ქალები, ბავშვები და მოხუცები გახლდნენ, რომელთა შორის იყვნენ ისინი, ვისაც გადაადგილება უჭირდა. ჯგუფის ლიდერი – ჯორჯ დონერი – მამაც და მიზანმიმართულ ადამიანს წარმოადგენდა. იგი მთლიანად ენდობოდა „გიდს“ და, როგორც აღმოჩნდა, ამაოდ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჰასტინგსს არასოდეს გაუვლია ახალი მარშრუტი და ვერც კი წარმოიდგენდა, რა სირთულეები ელოდათ მოგზაურებს გზაზე.

ერთმა ჟურნალისტმა იცოდა, რომ ჰასტინგსი მატყუარა იყო. მას უკვე ჰქონდა მოკლე მარშრუტით კალიფორნიაში მისვლის წარუმატებელი მცდელობა. მაღაზიაში, სადაც დონერი სასურსათო პროდუქტებს ყიდულობდა, ჟურნალისტმა წერილი დატოვა მის სახელზე. მაგრამ, სამწუხარო დამთხვევით, წერილმა ადრესატამდე ვერ მიაღწია. ჰასტინგსი დაჰპირდა, რომ თვითონ მოგვიანებით შეუერთდებოდა ჯგუფს, მაგრამ ეს არც გაუკეთებია. მოგზაურებს მხოლოდ მის მიერ შედგენილი რუკა ჰქონდათ.

გაჭირვება

მოგზაურობის პირველმა რამდენიმე კვირამ ინციდენტის გარეშე ჩაიარა, მაგრამ შემდეგ პრობლემები ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო. ჯერ ურმები დაილეწა, რადგან კლდოვან გზებზე მგზავრობას ვერ უძლებდნენ. გადასახლებულებს დიდი ხნით მოუწიათ გაჩერება ბორბლების შესაკეთებლად. კაცები გზას არ უჩიოდნენ, მაგრამ ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს ძალიან უჭირდათ.

მოულოდნელად, მოკლე გზა უფრო გრძელი აღმოჩნდა, ვიდრე ტრადიციული. დონერის ჯგუფის გზაზე გაუვალი ტყეები და ჭაობები გამოჩნდა. მათ გარშემო შემოვლა, შესაბამისად, დროისა და ენერგიის დაკარგვა მოუწიათ. ერთ-ერთი ასეთი მცდელობისას მოხეტიალეებმა პირუტყვის ნახევარი დაკარგეს. ისინი ინდიელებმა გაიტაცეს, რომლებიც ქარავნის გარშემო გამუდმებით ტრიალებდნენ.

ამის შემდეგ მოგზაურებს შორის პირველი ჩხუბი მოხდა. რიდების ოჯახის წევრებმა დონერები მათი პირუტყვის და ზოგიერთი საკვების ქურდობაში დაადანაშაულეს. ატმოსფერო თანდათან დაიძაბა. მალევე მოხდა პირველი კონფლიქტი, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. ჯეიმს რიდმა კამათის დროს დანით დაჭრა თავისი ერთ-ერთი თანამგზავრი, ჯონ სნაიდერი. საერთო გადაწყვეტილებით, მკვლელი ჯგუფიდან გარიცხეს და უდაბნოში საკვებისა და იარაღის გარეშე დატოვეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამან რიდის სიცოცხლე გადაარჩინა. მისმა ქალიშვილმა ფარულად დაუტოვა ყველაფერი, რაც გადარჩენისთვის სჭირდებოდა, ამიტომ ის, თავისი კომპანიონების უმეტესობისგან განსხვავებით, გზაში არ მომკვდარა.

ჯეიმს და მარგარეტ რიდები

ამ ინციდენტის შემდეგ დაიწყო კონფლიქტი დონერებსა და მერფებს შორის. ოჯახების უფროსებმა ერთმანეთის ნდობა დაკარგეს და ოდესღაც შეკრული გუნდი ორ მეომარ ბანაკად გაიყო. მარშრუტი ყოველდღე უფრო და უფრო რთულდებოდა. ურმების მზიდველი ხარები სუსტდებოდნენ და პროდუქტი იწურებოდა. მალე ყველაზე სუსტმა მოგზაურებმა ავადმყოფობა დაიწყეს და ზოგი გარდაიცვალა კიდეც.

შიმშილი და ყინვა

ამრიგად, დონერის ჯგუფის ისტორია ტრაგიკულ დასასრულამდე მივიდა. მოგზაურთა მარშრუტზე გამოჩნდა ვასაჩის მთები, რომლებსაც ჰასტინგსი ბორცვებს უწოდებდა. გადარჩენის მხოლოდ ერთი გზა იყო – ბარიერის პირველ თოვლამდე გადაკვეთა. თუმცა, 1846 წლის 4 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა მოულოდნელად დაეცა და ძლიერი ქარბუქი დაიწყო. შემდგომი გადაადგილება შეუძლებელი გახდა და მოგზაურები დაბანაკდნენ.

საჭმელი ამოიწურა. არ იყო საკმარისი თბილი ტანსაცმელი. ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით იხოცებოდნენ. თავის გამოსაკვებად დარჩენილი ხარები დაკლეს, მაგრამ მათი ხორცი დიდხანს არ ეყოთ, ამიტომ მალე თაგვებზე და სხვა პატარა მღრღნელებზე ნადირობა დაიწყეს. მალე გადარჩენილებმა მიიღეს რთული გადაწყვეტილება – შეეჭამათ მათი ცხედრები, ვინც გაჭირვებას ვერ გაუძლო და დაიღუპა. ქრისტიანულ ღირებულებებზე აღზრდილმა ადამიანებმა ეს იდეა საშინლად მიიჩნიეს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. პირველად პატრიკ დოლანის ცხედარი შეჭამეს, მოგვიანებით – კიდევ ორი ​​გვამი. (გადარჩენილები აცხადებდნენ, რომ ისინი ჭამდნენ მხოლოდ მათ, ვინც თავად დაიღუპნენ, მაგრამ მოგვიანებით მაშველებმა ბანაკთან ახლოს ქალისა და ბავშვის ცხედრები იპოვეს. ისინი ძვლებამდე იყვნენ შეჭმულნი და აშკარად არ დახოცილან ბუნებრივი სიკვდილით.)

გადარჩენა

დაკარგული ადამიანები მხოლოდ 1847 წლის იანვარში აღმოაჩინეს. 4 თებერვალს სამაშველო ექსპედიცია კალიფორნიიდან დონერის ჯგუფის მოსაძებნად დაიძრა. 18 თებერვალს სამხედროებმა და მონადირეებმა ბანაკი იპოვეს. მათ ჯერ მერფის ცოლი შეხვდათ. მან ახალმოსულებს შემდეგი რამ ჰკითხა: „კალიფორნიიდან ხართ თუ ზეციდან?“

გამოცდილი ჯარისკაცებიც კი გაოცებულნი იყვნენ. ყველგან გვამები ეყარა და მიწით ან თოვლით დაფარულიყო. მათ შორის დაქანცული ხალხი ტრიალებდა – ზოგს გონება დაეკარგა. ჯორჯ დონერი კვდებოდა. მას შემთხვევითი დაზიანება მიეღო, რასაც ინფექცია და განგრენა გამოეწვია. მაშველებმა ბანაკიდან 23 ადამიანის გამოყვანა მოახერხეს. ამ ჯგუფში შედიოდნენ ყველაზე სუსტები და ავადმყოფები. 1847 წლის 1-ელ მარტს მაშველები დაბრუნდნენ და გადარჩენილი ბავშვები წაიყვანეს. სამწუხაროდ, ყველა ვერ გადაურჩა რთულ მოგზაურობას – ზოგი გზაში გარდაიცვალა. როდესაც ბანაკში ჯარისკაცების მესამე ჯგუფი მივიდა, იქ ისევ კანიბალიზმი გამეფებულიყო. ამჯერად ხალხის კიდევ ერთი ჯგუფის გამოყვანა მოახერხეს, მაგრამ ეს ბოლო მცდელობა იყო. სამხედროებისა და მოხალისეების ბანაკში მეოთხედ მისვლა ამინდმა შეუძლებელი გახადა. მთაში დარჩენილი ადამიანები დაიღუპნენ.

მათ შორის, ვინც ვერასდროს ნახა სანატრელი კალიფორნია, იყვნენ ჯორჯ დონერი, მისი ცოლი და მერფის ცოლი. 90 ადამიანიდან, ვინც გაზაფხულზე გაემგზავრა, მხოლოდ 48 გადარჩა. მწერალმა ალმა კაცუმ ამ საშინელი მოგზაურობის შესახებ დაწერა წიგნი „შიმშილი“. 2009 წელს მის საფუძველზე გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები