„თეთრი ჯვარი“ – პოლიციელების ბანდა, რომელსაც სსრკ-ში გადატრიალების მოწყობა სურდა
80-იანი წლების ბოლოს სსრკ-ში ორგანიზებული დანაშაული ყვაოდა. ბანდებს არა მხოლოდ კრიმინალები, არამედ სპორტსმენები, მეწარმეები და პოლიციელებიც კი ქმნიდნენ. ყველა მათგანს, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, ხელში ფულის ჩაგდების წყურვილი ამოძრავებდა. ასეთ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა პოლიციელების მიერ შექმნილი „თეთრი ჯვრის“ ბანდა, რომლის მიზანიც პოლიტიკური იყო – მათ – არც მეტი, არც ნაკლები – საბჭოთა რეჟიმის დამხობა სურდათ.
ამ არაორდინარული კრიმინალური ჯგუფის ლიდერს, არკადი მოკეევს საბჭოთა სისტემის სიძულვილისთვის ყველა წინაპირობა გააჩნდა. დაიბადა 1962 წელს ლენინგრადში (სანქტ-პეტერბურგი), ყოფილი პოლიტპატიმრის ოჯახში. მისი მამა მრავალი წლის განმავლობაში გულაგებში იმყოფებოდა და მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ რეაბილიტირდა. მამაკაცი სახლში შშმ პირად დაბრუნდა.
მოკეევების ოჯახი ლენინგრადის პატარა კომუნალურ ბინაში ცხოვრობდა. არკადი ხორცს მხოლოდ დღესასწაულებზე ხედავდა და მეზობლის ბავშვების გამონაცვალი ტანსაცმელი ეცვა. ბიჭს არასდროს ჰქონია სათამაშოები. 16 წლის ასაკში მას უკვე სასტიკად სძულდა საბჭოთა ხელისუფლება. ერთ დღესაც მოზარდმა პირობა დადო, რომ სიცოცხლეს სწორედ მის განადგურებას მიუძღვნიდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ არკადი მოკეევმა დიდი ხნის განმავლობაში ვერ იპოვა თავისი მოწოდება. ადრე დაქორწინდა. სტაბილური შემოსავლის მოსაძებნად, ბიჭმა სამსახური მიიღო ადგილობრივ პოლიციაში, მაგრამ სამუშაო არ მოსწონდა. ის არც მოწესრიგებული გახლდათ და არც პასუხისმგებლობით იყო სავსე. შესაბამისად, მის პირად საქმეში მალევე გაჩნდა დარღვევები, ჩხუბისა თუ საბუთების გაყალბების გამო.
სამსახურში წარუმატებლობისა და პრობლემების მიუხედავად, არკადის უყვარდა გლობალურ საკითხებზე საუბარი. მისი მეგობრები და კოლეგები ამბობდნენ, რომ იგი შეპყრობილი იყო რაღაც გრანდიოზულის გაკეთების და ისტორიის შექმნის იდეით. ყველაფრის მიუხედავად, არკადიმ კაპიტნის წოდების მოპოვება შეძლო. 1989 წელს მან საბოლოოდ გადაწყვიტა, ემოქმედა და შექმნა „თეთრი ჯვრის“ ბანდა, რომელსაც, პათეტიკურად, „რუსეთის განმათავისუფლებელი მოძრაობაც“ უწოდა.
ბანდის ბირთვს შეადგენდნენ მოკეევის ბიძაშვილი ვლადიმერ ბიკმულინი, პოლიციელი იგორ დიაკოვი და ბანდიტი იგორ კორენკოვი. ეს უკანასკნელი ბანდაში იმის გამო მოხვდა, რომ არკადის ბავშვობის მეგობარი იყო. იმისთვის, რომ საკუთარი ჩანაფიქრი განეხორციელებინა, ჯგუფს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ აკლდა. მათ ფული არ ჰქონდათ, ამიტომაც, ბანალურად, ძარცვის იდეა „რევოლუციონერებისთვის“ ყველაზე მიმზიდველი აღმოჩნდა. მათ არც ბევრი იარაღი ჰქონდათ. მოკეევისა და მისი თანამზრახველების აღჭურვილობაში მხოლოდ ერთი ხელნაკეთი პისტოლეტი შედიოდა, რომელიც თავის მოვალეობას ძლივძლივობით ასრულებდა. ეს იარაღი არკადიმ ერთხელ ჩხრეკისას ამოიღო და თავისთვის შეინახა.
ბანდის ლიდერს ესმოდა, რომ იარაღის ნაკლებობა მის ნებისმიერ გეგმას ბოლოს მოუღებდა, ამიტომ სხვა იარაღის შოვნაც გადაწყვიტა. 1989 წლის 29 აპრილს მოკეევი თავს დაესხა თავის ქალ კოლეგას, პოლიციელ ლიუდმილა მარკოვას, რომელიც საზღვაო ძალების ცენტრალური არქივის შენობაში მარტო მორიგეობდა.
მარკოვამ თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია, ამიტომ მოკეევმა მას თვითნაკეთი პისტოლეტით თავში ესროლა, შემდეგ კი, იარაღის კონდახი რამდენჯერმე ჩაარტყა. მძიმედ დაჭრილმა პოლიციელმა ტელეფონთან მიახლოება და დახმარების გამოძახება შეძლო. საბედნიეროდ, ის გადარჩა. მარკოვამ კრიმინალის იდენტიფიცირება ვერ შეძლო, რადგან მას ნიღაბი ეკეთა, მაგრამ გამომძიებლებმა მაშინვე იეჭვეს, რომ თავდამსხმელი სამართალდამცავ ორგანოებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. მხოლოდ პოლიციას შეეძლო სცოდნოდა, რომ იმ დღეს შენობაში ლიუდმილა მარკოვა მარტო მორიგეობდა. გამოძიებას მხოლოდ თავდამსხმელის სიმაღლის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია.
პოლიციელზე თავდასხმიდან სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ ბანდიტები, უკვე ორი პისტოლეტით შეიარაღებულნი, ისევ „საქმეზე“ წავიდნენ. 1989 წლის 7 მაისს კრიმინალები პეტროზავოდსკის ერთ-ერთ სასადილოში შეიჭრნენ. თავდასხმა სასადილოს დაკეტვამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა – მოკეევს სჯეროდა, რომ ამ დროს სალაროში სოლიდურ თანხას იპოვიდა.
ნააძარცვმა მხოლოდ 600 მანეთი შეადგენდა. ამ მოკრძალებული თანხის დასაუფლებლად, ყაჩაღებმა მოლარე კუდრიაშოვა მოკლეს. ექსპერტიზამ სწრაფად დააკავშირა ერთმანეთთან ეს ორი დანაშაული, რადგან მოლარე სწორედ მარკოვას იარაღიდან იყო მოკლული. მძარცველების კვალზე გასასვლელად, გამომძიებლები 1000-ზე მეტ ადამიანთან მუშაობდნენ, თუმცა უშედეგოდ.
მოკეევი ძარცვის შედეგით უკმაყოფილო იყო. მას დიდი თანხა სჭირდებოდა.
ბანდიტები განსაკუთრებული სიფრთხილით მოემზადნენ შემდეგი შეტევისთვის, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდა. სამიზნე ინკასატორების ავტომობილი გახლდათ, რომელსაც დიდი ოდენობით თანხა გადაჰქონდა. 1989 წლის 30 აგვისტოს კრიმინალები ავტომობილს მაღაზიასთან, მეტროსადგურის მახლობლად ჩაუსაფრდნენ. სამიზნე მალე გამოჩნდა. ინკასატორები მაღაზიაში შევიდნენ და უკან ფულით სავსე ჩანთებით დაბრუნდნენ.
ისინი შავ „ვოლგაში“ ჩასხდნენ, მაგრამ როგორც კი დაიძრნენ, გზა შელახულმა „ჟიგულმა“ გადაუღობათ. ბანდიტები მანქანიდან გადმოცვივდნენ და სროლა ატეხეს. ერთ-ერთი ინკასატორი მომენტალურად გარდაიცვალა, მეორემ კი, ცეცხლი გახსნა. ამასობაში ინკასატორების ავტომობილის მძღოლმა თავდასხმის ადგილის დატოვება მოასწრო. ბანდიტები შოკში იყვნენ. მათ თავიანთი ავტომობილი მიატოვეს და გაიქცნენ. გეგმა, რომელიც მოკეევმა მომგებიანად მიიჩნია, ჩაიშალა.
ბანდამ შეჩერება გადაწყვიტა. ყველა თავის საქმეს მიუბრუნდა და ძველი პარტნიორები იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა მოკეევმა დიდხანს ვერ გაძლო და 1990 წლის აპრილში კრიმინალები კვლავ გააქტიურდნენ.
1990 წელს ისინი ნერვიულად და ქაოსურად მოქმედებდნენ. აპრილის საღამოს მოკეევმა და ბიკმულინმა ლენინგრადის გარეუბანში ტაქსი გააჩერეს. მძღოლს ქალაქის ცენტრში წაყვანა სთხოვეს იმ პირობით, რომ ბევრს გადაუხდიდნენ. გზად მამაკაცები ტაქსის მძღოლს თავს დაესხნენ, სცემეს და საბარგულში ჩაკეტეს. მანქანის ხელში ჩაგდების შემდეგ, მთელი ღამის განმავლობაში ქალაქში დადიოდნენ და არ იცოდნენ, სიტუაციით როგორ ესარგებლათ.
დილით ისინი ლენინგრადის ოლქის სოფელ სერტოლოვოსკენ გაემართნენ. იქ სამხედრო ნაწილი იყო განთავსებული და იარაღი ინახებოდა. მოკეევი და ბიკმულინი თავს დაესხნენ მესაზღვრე ბატაგოვს და სასიკვდილოდ დაჭრეს, მაგრამ ჯარისკაცმა შეძლო საპასუხო ცეცხლის გახსნა. თავდამსხმელები გაიქცნენ. ბატაგოვი გარდაიცვალა, მაგრამ ბანდის წევრები იარაღის საწყობში არ შეუშვა. ბანდიტებმა კიდევ ერთი მარცხი განიცადეს.
მათ ტაქსის მძღოლი მანქანიდან გადააგდეს, ავტომობილი კი, ლენინგრადის ერთ-ერთ ეზოში დატოვეს. მოკეევი მთელი რიგი წარუმატებლობებით იმედგაცრუებული იყო და გადაწყვიტა, სხვაგვარად მოქცეულიყო. ახლა ბანდამ რამდენიმე ათასი ბროშურა დაბეჭდა და ქალაქში გააკრა:
„ხალხი დაიღალა უიმედობითა და სიღარიბით, ჩვენ არ გვჭირდება ძვალი ბატონის სუფრიდან, რომელსაც „პერესტროიკა“ ჰქვია! Მოქალაქეებო! ქვეყანაში რევოლუციური ვითარება მომწიფებულია! თავისუფლების დღე მოდის!
გარდა ამისა, ბანდიტები ყველას აქტიურ შეიარაღებულ მოქმედებას დაჰპირდნენ, რაც „თეთრი ჯვრის“ რეალურ ძალასა და ნებას წარმოაჩენდა. კრიმინალებს სურდათ, საზოგადოებას დაეჯერებინა, რომ საქმე ძლიერ და მრავალრიცხოვან ორგანიზაციასთან ჰქონდათ, რომელსაც სერიოზული ზრახვები გააჩნდა.
პირველი „რევოლუციური“ აქცია 1990 წლის 14 მაისს დაიგეგმა. ბანდიტებმა გადაწყვიტეს, გაენადგურებინათ ლენინის ძეგლები ფინლიანსკის და ვარშავსკის რკინიგზის სადგურებზე, ასევე ცეცხლი წაეკიდებინათ ლენინგრადის საკრებულოს შენობისთვის. ამისათვის, მოკეევმა და ბიკმულინმა ისევ ძველი ჟიგული მოიპარეს.
სალონში მოლოტოვის კოქტეილები ჩააწყვეს. ასევე, თან წაიღეს ანტისაბჭოთა ბუკლეტების შთამბეჭდავი დასტა. მოკეევი თავდასხმების ადგილებში მათ გაფანტვას გეგმავდა, მაგრამ გეგმები აბსურდულმა ავარიამ ჩაუშალა. გზად კრიმინალების მანქანა სატვირთოს დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე საგზაო პოლიციის თანამშრომლები ბანდიტების გაქცევამდე გამოჩნდნენ. სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა იმის გარკვევას, რომ მანქანა მოპარული იყო. მანქანის სალონისა და საბარგულის ჩხრეკამ პოლიციისთვის გასაგები გახადა, რომ საქმე მანქანის უბრალო გამტაცებლებთან არ ჰქონდათ. ბიკმულინს მაშინვე ხელბორკილები დაადეს, მოკეევმა კი, გაქცევა მოახერხა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ისიც დააკავეს.
პირველი დაკითხვის დროს მოკეევი ამტკიცებდა, რომ მისი ბანდა მხოლოდ ფულის საშოვნელად ირჯებოდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი აღიარა. გამოძიება სამ წელს გაგრძელდა. მთელი ირონია კი ის არის, რომ სანამ „რევოლუციონერები“ ციხეში ისხდნენ, სსრკ მათი მონაწილეობის გარეშე დაიშალა.
1993 წელს დამნაშავეები საბოლოოდ გაასამართლეს. ბიკმულინი ყველაზე მარტივად „გამოძვრა“ – მას მხოლოდ 4 წელი მისცეს იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაული მოინანია და გამოძიებასთან ითანამშრომლა. დიაკოვს 8 წელი მიესაჯა, კორენკოვს – 10. არკადი მოკეევის განაჩენი სიკვდილით დასჯა იყო, მაგრამ სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. ის კვლავ იხდის სასჯელს სპეციალურ კოლონიაში. „თეთრი ჯვრის“ წინამძღოლი ახლა ასაკშია, წერს ლექსებს და გაზეთების რედაქტორებს უგზავნის. უცნობია, როგორია მოკეევის პოლიტიკური შეხედულებები. ის ამ თემაზე არ საუბრობს.