ადვოკატი: ქრთამის აღებას ედავებიან, თუმცა, ბრალდების შესახებ დადგენილება ჯერჯერობით არ მიგვიღია და მტკიცებულებებსაც არ გავცნობივართ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დააკავეს, ხოლო უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.

გამოძიების ინფორმაციით, მათ სამ წელიწად-ნახევარში, ქრთამის სახით, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი მიიღეს, სანაცვლოდ მათ პაციენტები არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ “ევექსის” კლინიკებში გადაჰყავდათ.

დაკავებულების ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ქრთამის აღებას ედავებიან, თუმცა ბრალდების შესახებ დადგენილება ჯერჯერობით არ მიუღიათ დას მტკიცებულებებსაც არ გაცნობიან.

“ედავებიან ქრთამის აღებას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის, კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის მენეჯერის მოადგილედ. მნიშვნელოვანი რაც არის, ელექტრონული მართვის პროგრამაში განახორციელეს ხელოვნური ჩარევაო და ამ ჩარევის წყალობით, პაციენტებს უშვებდნენ “ვიანის” ქსელებში და ასევე “კავკასიის მედიცინის ცენტრში”. ჯერჯერობით ეს არის, რაც ვიცით, თუმცა ბრალდების შესახებ დადგენილება ჯერჯერობით არ გვინახავს, მათ შორის, რა თქმა უნდა არ გავცნობივართ მტკიცებულებებს. ბუნებრივია, ეჭვის თვალით ვუყურებთ ბრალდების დასაბუთებულობას იმ თვალსაზრისით, რომ საკმაოდ საეჭვოა, რამდენად ექნებოდათ ბრალდებულ პირებს ელექტრონულ პროგრამაში ხელოვნურად ჩარევის შესაძლებლობა”, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები