“რაიმე მოლოდინი იმისა, რომ ამ წელს ლარის კურსის რყევა ან გაუფასურება იქნება, არ გვაქვს, სტაბილურ გაცვლით კურსს უნდა ველოდოთ” – გიორგი ცუცქირიძე

“რაიმე მოლოდინი იმისა, რომ ამ წელს ლარის კურსის რყევა ან გაუფასურება იქნება, არ გვაქვს”, – ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, მომავალში სტაბილურ გაცვლით კურსს უნდა ველოდოთ.

“რაც შეეხება პერსპექტივებს: ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მოლოდინი და როგორ აფასებენ ამ მოლოდინს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. ამას ძალიან ბევრი ინვესტორი მიადევნებს თვალს. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როცა სავალუტო ფონდმა პირველი კვარტლის ბოლოს წინმსწრებად თავის პროგნოზის გადახედვა მოახდინა, ეკონომიკური ზრდის თავდაპირველი პროგნოზი 4, 8 %- დან 5,7 %-მდე გაზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. წელს საარჩევნო წელია. საარჩევნო წელს ხშირად, გარკვეულწილად, ეკონომიკაზე თავისებური გავლენა ახლავს ხოლმე, მათ შორის, შეფერხების მიმართულებით, შესაძლოა, ინვესტორები საარჩევნო წელს ინვესტირებისგან თავს იკავებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო წელია, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე პოზიტიური შეფასებაა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ამით საერთაშორისო ბაზრებზე, ინვესტორებთან გარკვეულ სიგნალს აგზავნიან, რომ ქვეყნის განვითარების პერსპექტივა ამ წელს კარგია. ბუნებრივია, ინვესტორების გადაწყვეტილებაც აქედან იქნება. ინვესტორების გაზრდილი საინვესტიციო ნაკადები ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ლარს ამყარებს და ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. იანვარ-თებერვალში, მიუხედავად საგარეო სავაჭრო ბრუნვის შემცირებისა, ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა 2 მიმართულებით ახდენდა ამის კომპენსაციას. ერთი ფაქტორი ადგილობრივი პროდუქციის წარმოებაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეკონომიკურ ზრდაზე პირდაპირ ზემოქმედებს, მეორე ფაქტორი კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია. ჯერ მონაცემი არ გვაქვს, მაგრამ როდესაც გამოქვეყნდება, ვნახავთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაზრდილი იქნება, რაც კურსზე გავლენას ახდენს. აქედან გამომდინარე, ლარი სტაბილური გამყარების ტენდენციისკენ მიმართული იყო. რაიმე მოლოდინი იმისა, რომ ამ წელს ლარის რყევა ან გაუფასურება იქნება, ჩვენ არ გვაქვს. მით უმეტეს, დღეის მონაცემებით, არ გვაქვს რაიმე მოლოდინი, რომ საერთაშორისო გლობალურ ბაზრებზე სერიოზული ცვლილებები მოხდება, რამაც შეიძლება, გლობალური ვალუტების ცვლილება, ან კრიზისი გამოიწვიოს. ლარის კურსსა და ადგილობრივ ეკონომიკაზე მისი ზეგავლენაც უნდა გამოვრიცხოთ. მომავალში სტაბილურ გაცვლით კურსს უნდა ველოდოთ. იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ამერიკულ დოლარზე მოთხოვნა, გარკვეულ პერიოდებში, შეიძლება, გარკვეულწილად, ლარის გაუფასურება მოხდეს, მაგრამ ზოგადად მიმაჩნია, რომ ტენდენცია არა გაუფასურებისკენ, არამედ უფრო გამყარებისკენ იქნება. ეკონომიკური ზრდა ლარის კურსზე მხოლოდ პოზიტიურად აისახება. ანუ ლარს არანაირი გაუფასურება და რაღაც მკვეთრი რყევა არ ელოდება”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

როგორც გიორგი ცუცქირიძემ აღნიშნა, იმის თქმა, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებამ კურსის ცვლილება მყისიერად გამოიწვია, არასწორია.
მისივე თქმით, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული განაკვეთი დასწია.

“მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში ლარმა, გარკვეულწილად, ამპლიტუდა შეიცვალა, გაუფასურდა. თუმცა, დღეისათვის სტაბილურ მაჩვენებელშია. ლარის კურსის ცვლილებას პოლიტიკოსების მხრიდან გარკვეული აჟიოტაჟი და ცოტა სპეკულაციებიც მოჰყვა. მათ შორის, ცალკეული ექსპერტების მიერ ლარის კურსის გაუფასურება, ძირითადად, რატომღაც ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებასთან, ასევე, ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებთან დაკავშირდა, როცა მან ბაზარზე დოლარის შესყიდვა მოახდინა. აქ საუბარია, დაახლოებით, 77 მილიონ დოლარზე. მინდა, ზოგადად ავხსნა, რომ ლარის კურსის მოძრაობის, გამყარების, ან გაუფასურების ძირითადი მახასიათებელი მაინც მაკროფაქტორებია. ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს ვგულისხმობ, იქნება ეს ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი, ფულადი გზავნილები, თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ანუ, რომ შევაფასოთ, კონკრეტულ მომენტში რა ხდება, ზოგადად, უნდა ვიცოდეთ, რომ ის მაინც სავალუტო ბალანსთანაა დაკავშირებული, ანუ კონკრეტულ მომენტში როგორია, ან როგორი მოლოდინია ამერიკულ დოლართან მიმართებით. მოგეხსენებათ, რომ კურსის ცვლილების დინამიკაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, არა მხოლოდ ექსპორტ-იმპორტის სალდო, რაზეც საუბარია ხოლმე. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ქვეყანაში ბევრი კომერციული სტრუქტურა, იქნება ეს კომერციული ბანკები, თუ მსხვილი კომპანიები პერიოდულად საერთაშორისო ბაზრებიდან უცხოური ვალუტის შესყიდვას ახორციელებენ, ანუ უცხოურ ვალუტაში გარკვეულ ვალს იღებენ, რაც ინვესტიციების პოზიციებში აისახება კიდეც. ბუნებრივია, როცა გასტუმრება ხდება, ეს გარკვეულწილად ამერიკულ დოლარზე მოთხოვნას ახდენს. ამიტომ, აქ გასაკვირი არაფერია. შესაბამისად, ლარის კურსის ქცევაც კონკრეტულ მომენტში ამ სავალუტო ბალანსზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ეროვნულმა ბანკმა გასული წლიდან მოყოლებული უკვე მეოთხედ რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა. ეს არა იმასთანაა დაკავშირებული, რომ, მაგალითად, კონკრეტულ მომენტში ეროვნულმა ბანკმა ამის გაკეთება გადაწყვიტა, არამედ გარკვეულ ინდიკატორებთან. პირველ ყოვლისა, ეს მაკროეკონომიკური ფაქტორებია, ასევე ეკონომიკის მდგომარეობა და ინფლაცია. მოგახსენებათ, როცა ინფლაცია მცირდება, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას არბილებს ხოლმე. ყველგან ასე ხდება. საქართველოში ინფლაცია ბოლო 1 წელია, ძალიან დაბალ ნიშნულზე გვაქვს, მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთაც კი არის, რომელიც 3 %-ია. ბოლო თვეში საერთოდ, 1 %-ზე დაბალია. ამიტომ,  არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული განაკვეთი დასწია. მონეტარული განაკვეთი მეოთხედ დასწია, ამას ეტაპობრივად ახორციელებს, რაც სავსებით სწორია. როცა მონეტარული განაკვეთი მცირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სალარე საკრედიტო რესურსი იაფდება, რასაც კომერციული ბანკები ლიკვიდობის სამართავად იყენებენ და გარკვეულწილად, დაკრედიტებაშიც. აქვე ხაზი მინდა, გავუსვა: მისი ასახვა, უფრო იაფი ფულის ეკონომიკაში შეშვება 1 დღეში არ ხდება, გარკვეული პერიოდი სჭირდება. ამას გადაცემის არხები ჰქვია. ასე სწრაფად, რომ დღეს შემცირდა და მაგალითად, ხვალ კურსის ცვლილება მოხდეს, წარმოუდგენელია, გამომდინარე იქიდან, რომ ამას გარკვეული დრო სჭირდება. პირდაპირი ბმა, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებამ კურსის ცვლილება მყისიერად გამოიწვია, არასწორია”, – განაცხადა ეკონომისტმა.

მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციებით ლარის გაუფასურებას ხელი შეუწყო, ზედმეტად უტრირებულია.

“მეორე ფაქტორი ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებს ეხება. საუბრობდნენ იმაზე, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის გამყარებას ხელი იმით შეუშალა, რომ ბაზარზე დოლარის ინტერვენცია, უცხოური ვალუტის( დოლარის) ამოღება მოახდინა. ბუნებრივია, აქ იგულისხმება ის რომ, როცა ეროვნული ბანკი ინტერვენციას ახდენს და დოლარს ყიდულობს , ბაზარზე დამატებით სალარე მასას უშვებს, რომელიც მიმოქცევაში არსებულ ლარს ზრდის. გარკვეულწილად, შეიძლება, იყოს მოსაზრება, რომ ამან შესაძლოა, ლარის კურსის ცვლილება გამოიწვიოს. აღვნიშნავ, რომ ეროვნული ბანკი ბაზარზე ინტერვენციებს პერიოდულად ახორციელებს, მათ შორის უცხოური ვალუტის შესყიდვით და ესეც ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რითაც ის არა მხოლოდ ამცირებს სადოლარე მასას, არამედ, საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს ზრდის, უცხოურ ვალუტას ყიდულობს, ლარს მიმოქცევაში უშვებს. გასაგებია, ესეც ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული მონეტარული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.

საუბარი იმაზე, რომ ეროვნულმა ბანკმა ამ ინტერვენციებით ლარის გაუფასურებას ხელი შეუწყო, ესეც ზედმეტად უტრირებული მიმაჩნია, აქედან გამომდინარე, პრინციპულად მიუღებელი ის, რასაც ცალკეული პოლიტიკოსები რატომღაც ღიად ტირაჟირებენ, თითქოს, ლარი გაუფასურდა იმის გამო რომ ეროვნულმა ბანკმა ეს ორი ცვლილება მოახდინა. გათვლა, ბუნებრივია, წმინდად პოპულისტური, სპეკულაციურია, რომ ლარი გაუფასურდა და ეს უნდა აისახოს ფასებზე. ეს ყველაფერი მომხმარებელზეა გათვლილი, ასევე, იმ ადამიანებზე, ვისაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვს. აქვე განვმარტავ, რომ როცა რეფინანსირების განაკვეთი მცირდება, ზუსტად იმ ადამიანებს უმცირდებათ საკრედიტო ტვირთი, რომელთაც სესხები ლარში აქვთ აღებული, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული განაკვეთით. ეს თემა თუ გვსურს, ობიექტურად განვიხილოთ, უნდა ავსახოთ, რომ გაცვლითი კურსი კი არ არის პრიორიტეტული მაკროეკონომიკური და, ზოგადად, საგარეო სავაჭრო ბრუნვის თვალსაზრისით, არამედ ეფექტური გაცვლითი რეალური კურსი. გასაგები რომ იყოს, განვმარტავ, რომ ეფექტური გაცვლითი რეალური კურსი არის ლარის გაცვლითი კურსი, ჩვენს ძირითადად სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან საშუალო შეწონილი მაჩვენებელი . იგულისხმება რეგიონული ქვეყნებიც, ასევე ევროზინის ქვეყნები, აშშ. რეალურად, ის არის არა უბრალოდ გაცვლითი კურსი, არამედ გამოითვლება როგორც გაცვლითი კურსი, ცვლილება, გარკვეული სინთეზი ფასების ცვლილებებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც თუ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ფასები იზრდება, ან რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი იზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ლარი რეალურად მყარდება. აქედან გამომდინარე, რახან რეალური გაცვლითი კურსი არის ნომინალური გაცვლითი კურსისა და ფასების ცვლილების თავისებური სინთეზი, ბუნებრივია, ის გარკვეულწილად, არის არასასურველი ექსპორტისთვის, რადგან ქართული საქონელი საერთაშორისო ბაზრებზე ძვირდება, და პირიქით, როცა რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსის შემცირება ხდება, ბუნებრივია, ლარი უფასურდება და ქართული საქონელი იაფდება, ანუ ექსპორტის სტიმულირება ხდება და პირიქით, იმპორტისთვის არასასურველია. ზედმეტად გამყარებული ლარი რეალურად ექსპორტისთვის არასასურველია, სამაგიეროდ შეიძლება, სასურველი იმპორტისთვის იყოს.

გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა სწორედ სავაჭრო ბალანსის მნიშვნელობაა, როგორც მაკროფაქტორისა, ბუნებრივია,ის აკვირდება ეფექტური გაცვლითი კურსის მაჩვენებელს და არა ცალსახად, ლარის გაცვლით კურსს აშშ დოლართან”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები