საგამოძიებო სამსახურმა ოქროს კონტრაბანდის ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ორი ფაქტი, რაზეც დაკავებულია ორი პირი, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სალონში მოწყობილი სამალავით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 706 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, ხოლო, მეორე შემთხვევაში ბრალდებულის მიერ, ასევე ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით, შემოტანილ იქნა არადეკლარირებული 507 გრამი ოქროს ნაკეთობები. ამოღებული ძვირფასეულობის ჯამური ღირებულება აღემატება 130 000 ლარს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.