პროკურატურა: მამის მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წელს, სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში, ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევ პირს, საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი დაპირისპირება მოუხდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამასთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით, უმწეო მდგომარეობაში მყოფს დანა რამდენჯერმე დაარტყა. დაზარალებული მიყენებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

“დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის ,,ე’’ ,, კ’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ არაერთგზის) წარედგინა.

გამოძიების ეტაპზე, ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შედეგადაც დანაშაულის ჩადენის დროს შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები