ჰაიტიზე კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ქვეყნის მთავარ საერთაშორისო აეროპორტზე, Toussaint Louverture-ზე კონტროლის დამყარება სცადეს.
ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
თავდასხმის მომენტში პორტ-ო-პრენსში მდებარე აეროპორტი დაკეტილი იყო.
AP-ის რეპორტიორებმა დაინახეს, რომ ასაფრენ ბილიკზე ბრონირებული სატვირთოდან აეროპორტის თანამშრომლებმა დაჯგუფების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
CNN-მა დაწერა, რომ აეროპორტში ფრენები სროლის გამო ფერხდება.
რამდენიმე ავიაკომპანიამ, მათ შორის, American Airlines-მა და Sunrise Airways-მა პორტ-ო-პრენსის მიმართულებით ფრენები შეაჩერა.
Sunrise Airways-ში განაცხადეს, რომ სროლის შედეგად მათი რამდენიმე თვითმფრინავი დაზიანდა და მგზავრები საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.
ჰაიტიზე 3 მარტს 72-საათიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივმა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ციხიდან 4 ათასამდე პატიმარი გამოუშვეს, 12 პირი დაიღუპა.
კრიმინალური ჯგუფები ქვეყნის პრემიერმინისტრის, არიელ ანრის გადადგომას ითხოვენ, რომელიც, თავის მხრივ, შექმნილი ვითარების გამო, 28 თებერვალს ნაირობიში გაემგზავრა, რომ ქვეყანაში კენიის ხელმძღვანელობით მრავალეროვნული უსაფრთხოების ძალების გაგზავნა მოხდეს.