ირაკლი ჩიქოვანი გერმანიის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ერნსტ პეტერ ფიშერსა და თავდაცვის ატაშეს, ვიცეპოლკოვნიკ ანდრეას ზებალდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
„ხაზი გაესვა გერმანიის აქტიურ ჩართულობას თანამშრომლობის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. შეხვედრაზე აღინიშნა გერმანული მხარის მიერ გაწეული ძლიერი მხარდაჭერა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების, სამხედრო განათლებისა და ერთობლივი წვრთნების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით განხორციელებაში გერმანიის მნიშვნელოვან წვლილზე. მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ექსპერტთა და მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
მინისტრმა გერმანულ მხარეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.