თავდაცვის მინისტრი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრებს განაგრძობს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ხალხთა შორის მეგობრობა.
უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა სომეხ დიპლომატთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქვეყნებს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობას.
შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მესროპ ნაზარიანი დაესწრო.