უკრაინაში, რუსეთის შეიარაღებული შეჭრის ორი წლის განმავლობაში, 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და თითქმის 20 ათასი დაიჭრა.
ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მოხსენებაშია ნათქვამი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაღუპული მოქალაქეთა რიცხვი, სავარაუდოდ, ბევრად მაღალია და ომის შედეგებს მრავალი თაობა იგრძნობს.
რაც შეეხება ზუსტ რიცხვებს, გაეროს მოხსენებაში ნათქვამია, რომ დაღუპულია 10 582 მშვიდობიანი მოქალაქე, კიდევ 19 875 დაშავდა.
დაღუპულთა შორის 587 ბავშვია.
დაღუპულთაგან თითქმის 4300, ანუ 40% 2022 წლის მარტში დაიღუპა, რუსეთის შეჭრიდან პირველ კვირებში.
აღნიშნულია, რომ დაღუპულთა უმრავლესობა უკრაინის აღმოსავლეთში იყო, სადაც, ასევე, 59 სამედიცინო და 236 საგანმანათლებლო დაწესებულებაა დანგრეული და ასობით დაზიანდა.
გაეროს სხვა წყაროების თანახმად, უკრაინის მოსახლეობის თითქმის 40%, ანუ 14,6 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული; 2,2-მა მილიონმა ადამიანმა ქვეყანა დატოვა; იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა კი 3,5 მილიონს აღწევს.