ვაჟა აზარაშვილი მახათაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა, პიანისტ გიორგი ვაჩნაძესა და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სახელოვანი მუსიკოსის, კომპოზიტორისა და პედაგოგის, ვაჟა აზარაშვილის, ხსოვნას პატივი მიაგო და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს.
გამოჩენილი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი იყო საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე. ქართულ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, ზაქარია ფალიაშვილისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიები.
1998-2007 წლებში ვაჟა აზარაშვილი იყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე. პროფესიული მუსიკის სფეროში სხვადასხვა დროს შექმნა: სიმფონია (1966), ორი სავიოლინო კონცერტი, კონცერტი ვიოლონჩელოსათვის (1969), კონცერტი ალტისა და კამერული ორკესტრისათვის (1973), ორი ოპერეტა, რომლებიც დაიდგა თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის სცენაზე (1969, 1972), კონცერტინო კვარტეტისათვის (1963), ვოკალურ-სიმფონიური პოემა (1961), ორი პიესა სიმებიანი ორკესტრისათვის (1964), სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1961) და სხვა. ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები ხშირად სრულდება უცხოეთშიც. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისი „მინიატურები“, „ნოქტიურნი“ კამერული ორკესტრისთვის და ბევრი სხვა კომპოზიცია.
მისმა სიმფონიურმა, კამერულ-ინსტრუმენტულმა თუ საესტრადო მუსიკამ მსმენელის სიყვარული თავიდანვე დაიმსახურა. სახალხო სიყვარული და საყოველთაო აღტაცება დაიმსახურა კომპოზიტორის მიერ შექმნილმა საფეხბურთო გუნდ „დინამოს“ ჰიმნმა, რომელიც დღემდე გამარჯვებასთან, ეროვნულ სიამაყესა და სიხარულთან ასოცირდება.
„ბატონი ვაჟა, შემოქმედებით მოღვაწეობასთან ერთად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. 1961 წლიდან იყო II და III მუსიკალური სასწავლებლების პედაგოგი, 1974 წლიდან – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1988 წლიდან კი – კონსერვატორიის პროფესორი.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ვაჟა აზარაშვილის უდიდეს ღვაწლს და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები