“კავკასიურ სახლში“ გივი მარგველაშვილის ლიტერატურულ-ფილოსოფიურ კვლევათა გერმანულ-ქართული ინსტიტუტის მორიგი სემინარი „პერეკატასტროიკა” გაიმართება
“15 თებერვალს, 12:00 საათზე, „კავკასიურ სახლში“ გაიმართება გივი მარგველაშვილის ლიტერატურულ-ფილოსოფიურ კვლევათა გერმანულ-ქართული ინსტიტუტის მორიგი სემინარი: „პერეკატასტროიკა. დროის მოწმის ჩანაწერები, 1988-1993“. (დოკუმენტური პროზა, გამომცემლობა ალონი, 2022, თარგმანი გერმანულიდან ასმათ ფარჯიანის)”,- ამის შესახებ ინფორმაციას “კავკასიური სახლი” ავრცელებს.
“სემინარის ფარგლებში ფილოსოფიური, სოციალურ-თეორიული და ლიტერატურული პერსპექტივიდან იქნება განხილული მწერლისა და ფილოსოფოსის გივი მარგველაშვილის ნაწარმოებში ასახული „გარდაქმნის“ პერიოდის დროის ნიშნები, რომელსაც ავტორი მონოთემატური ონტოტექსტის რღვევად წარმოგვიდგენს.
მარგველაშვილის „დღიური/წლიური“ იქმნებოდა როგორც საქართველოს, ისე ევროპული საზოგადოებისთვის ახალი ინსტიტუციების ჩამოყალიბების გარიჟრაჟზე, როდესაც საბჭოთა კავშირის რღვევის პირობებში იგება „ტელეხიდები“ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.
საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბების ახალ ეტაპზე, როდესაც საქართველო პოლიტიკური დამოუკიდებლობის გზას ადგება, იდეოლოგიური ტექსტების სპეციფიკურ ხასიათზე დაკვირვებით და უტყარი ალღოთი, მწერალი და ფილოსოფოსი ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს, თუ რა პოლიტიკური კატაკლიზმებისთვისაა განწირული ახალი პოლიტიკური წამოწყება, რომელიც „პერეკატასტროიკად“ იქცევა; დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების თვალსაზრისით, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება როგორც ევროპული, ისე (პოსტ-)საბჭოთა საზოგადოება.
სემინარში მონაწილეობას მიიღებენ: პროფ. მამუკა ბერიაშვილი, ფილოსოფიის დოქტორი დავით გალაშვილი, ფილოსოფიის დოქტორი მარიამ ხაზარაძე, პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე, მწერალი და გერმანისტი ნაირა გელაშვილი.
სემინარს დაესწრებიან სტუმრები ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან.
პროგრამა (განახლდება):
1) პროფ. მამუკა ბერიაშვილი – პოლიტიკურის გაგების ონტოლოგიური საფუძვლები გივი მარგველაშვილთან
2) პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე – „პერესტროიკის“ გავლენა და შედეგები პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტურ საზოგადოებებზე გივი მარგველაშვილის “პერეკატასტროიკის” მიხედვით: შედარებითი ანალიზი”.
3) დოქტორი დავით გალაშვილი – მარგველაშვილის რომანების ბედი და კულტურული ინდუსტრია
4) დოქტორი მარიამ ხაზარაძე – ონტოტექსტუალური ღიაობის სოციალურ-თეორიული განზომილებები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.