ეკა სეფაშვილი: რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი, რეგულარული ფრენების განახლება, ოკუპანტის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩადენილი მორიგი დარღვევაა

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი, რეგულარული ფრენების განახლების შესახებ კომენტარი გააკეთა.

ეკა სეფაშვილის თქმით, ეს ოკუპანტის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩადენილი მორიგი დარღვევაა.

„ამ სიტუაციაში, როცა რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებობს ოკუპაციის ფაქტი და ამ ოკუპაციიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების დარღვევის უამრავ მაგალითს ვხედავთ, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილებისა თუ მშობლიურ ენაზე სწავლის შეზღუდვას და ა.შ., ესეც ერთ-ერთი დარღვევაა. ამ დარღვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ რაც შეიძლება გააკეთოს, არის ის, რომ ყველა შესაბამის ფორმატში, საერთაშორისო დღის წესრიგში, ეს საკითხი დასვას და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარღვევებით ოპერირებას ხაზი გაუსვას.

ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, საერთაშორისო საავიაციო მიმოსვლაში ეს რეისები არ შედის, ანუ, საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული არ არის.

სულ ახლახან, გუშინ, ევროპის საბჭოში, ევროსაბჭოს დელეგაციამ და წარმომადგენლობამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა და რუსეთს მოუწოდა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება შეასრულოს, რომელიც მშვიდობის დამყარებასა და მთელ რიგ სხვა ვალდებულებების შესრულებას შეეხება. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნისთვის ოკუპანტია და იგი უგულებელყოფს არა მარტო ამ, არამედ,  მთელ რიგ სხვა საერთაშორისო ვალდებულებებს“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები