ტრამპმა მაიკ უოლცი გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე წარადგინა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მაიკ უოლცი გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე წარადგინა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა.
ტრამპის თქმით, დროებით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეასრულებს.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მაიკ უოლცს წარვადგენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შეერთებული შტატების ელჩად. საბრძოლო ველზე, კონგრესში და ჩემი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად ყოფნის დროიდან, მაიკ უოლცი დიდი მონდომებით მუშაობდა, რათა ჩვენი ერის ინტერესები პირველ ადგილზე დაეყენებინა. დარწმუნებული ვარ, რომ ის იმავეს გააკეთებს თავის ახალ როლში. ამასობაში, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობას დროებით შეასრულებს, პარალელურად სახელმწიფო დეპარტამენტში თავის ძლიერ ლიდერობას გააგრძელებს. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ დაუღალავ ბრძოლას, რათა ამერიკა და მსოფლიო კვლავ უსაფრთხო გავხადოთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.